პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებს აფხაზეთიდან 67%-მა დაუჭირა მხარი, ცხინვალის რეგიონიდან - 90%-მა

02-07-2020 14:18:40 კონფლიქტები

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მოსკოვის ინფორმაციით, მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადეს. კერძოდ, აფხაზეთის შემთხვევაში პუტინის მმართველობის 2036 წლამდე განმახანგრძლივებელი ცვლილებების მხარდამჭერი 67% აღმოჩნდა, ცხინვალის რეგიონში – 90%.

რუსეთის ცსკ-ის მონაცემებით, სოხუმში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმა სულ 8306 მოქალაქემ მისცა, მათგან 5517-მა (66.75%) საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა, 2631-მა (31.83%) კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 117 ბიულეტენი გაუქმდა.

ცხინვალში გახსნილ უბანზე სულ 6380 მოქალაქე მივიდა, მათგან საკონსტიტუციო ცვლილებებს 5268-მა (82.57%) დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 1017 (15.94%) აღმოჩნდა. 95 ბიულეტენი გაუქმდა.

ცალკე იყო გახსნილი ცხინვალში საარჩევნო უბანი რუსი სამხედროებისთვის. იქ ხმა სულ 1736 მოქალაქემ მისცა. მათგან 1689-მა (97.29%) პუტინის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, 29 კი (1.67%) წინააღმდეგი აღმოჩნდა. 18 ბიულეტენი გაუქმდა.

დაბა ჯავაში გახსნილ უბანზე 1027 მოქალაქიდან 968 (94.26%) აღმოჩნდა მხარდამჭერუ, 18 (1.75%) - წინააღმდეგი. ამასთან, გაუქმდა 41 ბიულეტენი.

ცნობისთვის: რუსეთის ცსკ–ის მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომჩევლების 78% უჭერს მხარს. სადავო ცვლილებებს შორისაა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის "განულება", რაც პუტინს შესაძლებლობას მისცემს, პრეზიდენტად კენჭი ისევ იყაროს. რუსეთის კონსტიტუციის შეცვლის ინიაციატორი პრეზიდენტი პუტინია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები