ქაცარავა: "2014 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ ოკუპანტს 2 მილიონ ოთხას ოცდაათი ათასი კვადრატული მეტრი დაუთმო და ეს საზოგადოებას დაუმალა"

02-07-2020 16:55:44 კონფლიქტები

"2014 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ ოკუპანტს 2 მილიონ ოთხას ოცდაათი ათასი კვადრატული მეტრი დაუთმო და ეს საზოგადოებას დაუმალა", – ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

"ამჯერად პერევი.კვლავ დათმობილი, უზარმაზარი ტერიტორიები და საზოგადოებისთვის დამალული ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, ახალი ოკუპაციის ხაზმა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში 970 მეტრით გადმოინაცვლა, ჯამურმა ფართობმა 243 ჰექტარი შეადგინა… ეს ახალი ხაზი მდინარე ღებურაა, რომლის გადაკვეთის უფლება ადგილობრივ მოსახლეობას 2014 წლიდან აღარ აქვს… დიახ, 2014 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ დაუთმო ოკუპანტს 2 მილიონ ოთხას ოცდაათი ათასი კვადრატული მეტრი და ეს დაუმალა საზოგადოებას… მხოლოდ 2020 წელს შემთხვევით გავიგეთ ეს ამბავი… სამწუხაროდ, ჩვენი მიწა-წყლის ოკუპანტისთვის ჩუმად დათმობის სტილი, ჩვენი ხელისუფლების ხელწერად გადაიქცა… არადა, ამაყად გვარწმუნებენ, რომ ისინი ერთადერთ მთავრობას წარმოადგენენ, ვისაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ტერიტორიები არ დაუკარგავს", – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

როგორც "აქცენტს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, პერევის მიმდებარედ უკანონო მოქმდებებს შესახებ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს.

“საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მიმდებარედ არსებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესისა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების შესახებ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, აქტიურად გამოიყენება ცხელი ხაზი და პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

2018 წელს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის შეხვედრაზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმება და განხორციელდა სოფ. პერევის მიმდებარედ განლაგებული პოლიციის საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით წინ, საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს, გადაწევა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმდებარედ მიმდინარე ოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებბის მიზნით ცენტრალური ხელისუფლება მჭიდრო კომუნიკაციაშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, დაფიქსირებულ ინციდენტებთან და შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აქტიურდება ცხელი ხაზი”, –განუცხადეს "აქცენტს" სუს–ში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები