7 ივლისს პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება
02/07/2020 19:52:25 ეკონომიკა
7 ივლისს პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ ჩარტერული რეისები სრულდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ეს რეისი არ იყო შეთანხმებული და გარკვეული პრობლემები შეიქმნა ამის გამო, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 7 ივლისს შესრულდება „აირზენას“ მიერ დაგეგმილი პარიზი-თბილისი რეისი. ვიცი, რომ ეს საკითხი ბევრ ადამიანს აწუხებდა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენგან იქნება ორგანიზებული უმაღლეს დონეზე ყველანაირი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები იმისთვის, რომ უსაფრთხოდ შესრულდეს ეს რეისი“,- განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, თურნავას თქმით, ორშაბათს გამოაქვეყნებენ ფრენების ახალ გრაფიკს:
„ასევე ორშაბათს პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავებთ და უკვე გამოვაქვეყნებთ ახალ გრაფიკს, ფრენების განრიგს. ეს იქნება ე.წ. სოციალური ფრენები, ანუ სახელმწიფოს მიერ გეგმაზომიერად ჩვენი თანამემამულეების სხვადასხვა ქვეყნიდან გამოყვანის ფრენები. ძალიან ხელმისაწვდომი ფასებით, რადგან ეს იქნება სახელმწიფოს მიერ სუფსიდირებული ფრენები და ამ ფრენებს შეასრულებს რამდენიმე ავიაკომპანია".


