
გერმანია დღეს საქართველოს სასჯელაღსრულების წამებისთვის ძებნილ ყოფილ უფროსს გადმოსცემს
03/07/2020 09:14:42 სამართალი
გერმანია საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს დავით ჭაკუას გადმოსცემს, ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ იუწყება, თუმცა მას იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაშიც ადასტურებენ.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ექსტრადაცია დღეს, 3 ივლისს განხორციელდება.
ცნობისთვის: დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.
44 წლის დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.
გარდა ამისა, ჭაკუას ედავებიან პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობას.