ფოთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

03-07-2020 15:03:46 სამართალი

ფოთში ცემით მოკლული 43 წლის კაცის მამა ყვება, რომ ის და მისი ვაჟი 2 ივლისს საღამოს სამძიმარზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ მოულოდნელად დაესხნენ თავს.

მამის ცნობით, უცნობმა პირებმა მისი შვილი მანქანაში იძულებით ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

„ჩემი შვილი წაიყვანეს მაგრამ ვინ არიან, არ ვიცი. 5 თუ 6 ადამიანი იყო. არაფერი უთქვამთ, გადმოვარდნენ, თავიდან სპეცნაზი მეგონა. შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებით. მე ვიჯექი წინ, შვილი იჯდა უკან. მანქანა რომ მოადგა, ვერ გავაღე კარები, რომ გადმოვსულიყავი და ის წაიყვანეს“, - განაცხდა მოკლულის მამამ „ფორმულასთან“.

ოჯახის წევრს 3 საათის განმავლობაში ეძებდა. საბოლოოდ, ის ადგილობრივებმა ნაგავსაყრელთან სასტიკად ნაცემი იპოვეს.

„დაახლოებით, 5 ბიჭი ხელკეტებს ურტყამდა რაღაცას მიწაზე, ვიფიქრე, ალბათ გველი ნახეს–მეთქი. მერე დავინახე, რომ კაცი ეგდო ძირს და ხმას არ იღებდა. ვიყვირე ახლავე პოლიციას დავურეკავ-მეთქი. ისინი გაიქცნენ. ახლოს რომ მივედით, ხმას არ იღებდა, მეგონა, მკვდარი იყო, მაგრამ წყალი რომ შევასხით „ხმა ამოიღო- სასწრაფოს დაუძახეთ, მიშველეთო“. ვინ გირტყამდა, რომ ვუთხარი, მითხრა არ ვიცნობო“, - ყვება თვითმხილვეელი ზაირა ბასილაია.

მიღებული დაზიანებების შედეგად კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

„ჩვენს კლინიკაში „112“-ის ბრიგადამ შემოიყვანა მამაკაცი. მას აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებები. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი გარდაიცვალა“,- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის რეანიმატოლოგმა გაგა ტყეშელაშვილმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები