ომბუდსმენი:"სუს-ის საქმე არაა, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს"

03-07-2020 15:35:21 საზოგადოება ,სამართალი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტზე გამოძიების დაწყებაში ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების ნიშნებს ხედავს. ომბუდსმენის აპარატმა სუს–იდან საბოტაჟის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია გამოითხოვა.

"სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს. ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაცია უფროა", - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბოტაჟის მუხლით აწარმოებს გამოძიებას. კერძოდ, საქმე ეხება "მთავარი არხის" მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც რესპონდენტები კოვიდსტატისტიკის გაყალბებაზე საუბრობენ.

სუს–მა "მთავარი არხისგან" სადავო სიუჟეტის დაუმონტაჟებელი მასალის მიწოდებას მოითხოვა.

მუხლი, რომლის ფარგლებშიც გამოძიება მიმდინარეობს, გულისხმობს, საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას და ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის მსგავსად, მედიასაშუალების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევის სურვილს ხედავენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამას გამორიცხავს და დასძენს, რომ "მთავარი არხი" არავის მისცემს თავის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლებას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები