
ვასაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, "კომბლები სხვენში შეაწყონ" და შიშველი ხელებით გავიდნენ
19/06/2019 06:59:49 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, თუ "თბილისი პრაიდი" გაიმართება "კომბლები სხვენში შეაწყონ" და შიშველი ხელებით გავიდნენ.
„მინდა, გაგიკეთოთ [ხელისუფლებას] ერთი ძალიან დიდი საჩუქარი და პრინციპში, ბოლო საჩუქარი, ამის იქით აღარანაირი საჩუქრები აღარ იქნება და გეშინოდეთ, თუ გამოიწვევთ არეულობას ქვეყანაში. მინდა, ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, კომბლები შეაწყონ სხვენში. როგორც გახსოვთ ეს კომბლები არც არასდროს არ იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისთვის და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით, მაგრამ რადაგან შსს–მ თქვა, რომ „პრაიდი“ არ იქნება, მე არ მაინტერესებს მამათმავლები რას ჭიჭყინებენ ახლა. ახლა ხელისუფლებას საჩუქარი – კომბლები სხვენში! კომბლები ჩამოვიღოთ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ „პრაიდს“ ჩაგვიტარებს“, – განაცხადა ვასაძემ.
მისივე თქმით, თუ "პრაიდის" ღონისძიებები გაიმართება იგი თავის მხარდამჭერებთან ერთად ადგილზე შიშველი ხელებით მივა.
"მივიდეთ იქ შიშველი ხელებით, რომ ნებისმიერ კორდონი დავშალოთ და დავახვიოთ ეს იდიოტები იქედან და ხალხი შევაჩეროთ", – განაცხადა ვასაძემ.
ამასთან, იგი დაპირისპირების შემთხვევაში პასუხისმგებლობას იხსნის:
"მაგრამ თუ თქვენ [ხელისუფლება] დაიცავთ „პრაიდს“, შეგვდგებით ჩვენ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, მერე ვერც მე და ვერც ვერავინ გააკონტროლებს ამ ქალაქში რა მოხდება. მერე პარლამენტს მოადგება ეს ხალხი, კანცელარიას თუ ბიძინას შუშის სასახლეს, მე პასუხისმგებლობას ვიხსნი".
ამასთან, მან ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა, რომ გუშინ „თბილის პრაიდი“ არ გაიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ის არც მომდევნო დღეებში არ გაიმართება.
ცნობისთვის: „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, „პრაიდის“ კვირეული თბილისში ჩატარდება.