საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

04-07-2020 11:43:12 საშინაო პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი :

"ეს დღე, ნებისმიერი ერის ისტორიაში, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, არა მხოლოდ თავისი სიმბოლიკით, არამედ იმიტომაც რომ ეს დღე, იმ ღირებულებების მატარებელია, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის: თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ასევე, გვაერთიანებს ამერიკასთან და რომელსაც სრულიად ვიზიარებთ. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ, დამოუკიდებლობის შემდგომ, ყველა ჩვენს კონსტიტუციაში და რომლითაც ჩვენი განვითარების გზაზე მივდივართ. ამ, თითქმის, 30 წლიან გზაზე ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენობას, ჩვენი სამხედროების განვითარებას, მათ წვრთნებს და მათ როლს, თუნდაც საერთაშორისო მისიებში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად. ეს ის ერთობლივი და სოლიდარული გზაა, რომელიც ამერიკასთან ერთად გავიარეთ.

დღეს მსოფლიო კიდევ ახალი გამოწვევის წინაშეა - უხილავი მტერი და საფრთხე. ერთი მხრივ, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა ქვეყანა ცალ-ცალკე უნდა ებრძოლოს ამ გამოწვევას და რჩება მარტო. რეალურად, საქმე სულ სხვაგვარადაა და ჩვენ ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ამ გლობალური საფრთხის წინაშე აუცილებელია გლობალური სოლიდარობა და აქაც, კიდევ ერთხელ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამერიკის როლი იყო და არის გადამწყვეტი. ჩვენ ვიცით, რა პოზიტიური როლი ითამაშა ჩვენთან ამერიკის მიერ დაარსებულმა ლუგარის ცენტრმა; რა როლი ითამაშა ჩვენი და ამერიკელი ექიმების თანამშრომლობამ; ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ საქართველომ წინააღმდეგობა გაუწიოს არამხოლოდ პანდემიას, არამედ შემდგომ ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივი სოლიდარობა არ არის. ჩვენც ვიცით, რომ ამერიკა დღეს ძლიერი გამოწვევის წინაშეა - ძლიერი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი პანდემიასთან ერთად. მე მინდა, თანავუგრძნო პანდემიისას დაღუპული ადამიანების ოჯახებს, მინდა გამოვუცხადო თანადგომა მთლიანად ამერიკას და ამერიკელ ხალხს, გამოვხატო ჩემი რწმენა და იმედი, რომ ამ კრიზისის შემდეგ, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით და ეს ჩვენი სოლიდარობის გამარჯვება იქნება. მინდა, კიდევ ერთხელ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა, ასევე, მივულოცო დღევანდელი დღე ქართველებს, ვინც ამერიკაში ცხოვრობენ და ვისაც ამერიკა თავის მეორე სამშობლოდ მიაჩნია. Long live America!”.

პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია:

"ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს; ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. სწორედ ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობს ქართველი ერი, რომელიც მტკიცედ ადგას თავისუფლების, დემოკრატიის განმტკიცების, ძლიერი ეკონომიკის მშენებლობის და თავისი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზას.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ამ პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ მხარში უდგას საქართველოს. ჩვენ ერთად დავძლიეთ ბევრი გამოწვევა, მივაღწიეთ ბევრ მიზანს და ბევრი ერთობლივი წარმატების მომსწრენიც გავხდით. დღეს მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ყოველთვის, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და ამ ბრძოლიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ, როგორც სახელმწიფოები, როგორც პარტნიორები და მოკავშირეები.

საამაყოა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ საკვანძო სფეროებში და უმაღლეს დონეზე ავიყვანეთ ჩვენი თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით. ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები დღითიდღე ძლიერდება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო დიდ პოტენციალს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოიზიდოს მეტი ამერიკული ინვესტიცია და კომპანია საქართველოში. უხილავ მტერთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოში გვაქვს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასთან, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის აღორძინებასთან. ამიტომაც ვიცით, რომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საფრთხეებთან გამკლავება

წელს საქართველოში ამერიკის ახალი ელჩი გვყავს. მადლობას ვუხდი გაწეული ძალისხმევისთვის ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ამერიკის საელჩოს მთელს გუნდს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთის სანდო და საიმედო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენს ერებს შორის კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი:

„ვულოცავ ამერიკის შეერთებულ შტატებს - ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო-ამერიკის ურთიერთობები თავისი შინაარსითა და ხასიათით გამორჩეულია, მოყოლებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ამერიკა, როგორც მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე, როგორც მთელს მსოფლიოში თავისუფლების დამცველი, ჩვენთან ერთად დგას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე. მოხარული ვარ, რომ დღეს ეს სტრატეგიული პარტნიორობა, ისე როგორც არასდროს, უმაღლეს ნიშნულზეა და ხელშესახები შედეგები გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითად მიმართულებაზე - თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა, ხალხთაშორისი კავშირები და კულტურული გაცვლები. როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და სანდო მოკავშირეს ჩვენ გვაქვს აშშ-ს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც თავისი შინაარსითა და თვისობრიობით უპრეცედენტო ხასიათის დოკუმენტში „საქართველოს მხარდამჭერ აქტში“. აშშ-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ დაამტკიცა, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს სანდო პარტნიორი და ძლიერი მოკავშირეა. ამერიკელი და ქართველი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთის მისიაში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ფასდაუდებელია მათი წვლილი და როლი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის განმტკიცებაში. არ შეიძლება არ აღვნიშნო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განსაკუთრებული ყურადღება ქართველი ახალგაზრდებისადმი და ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რასაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების სახით ამერიკა იჩენს ჩვენი მომავალი თაობისადმი. ჩვენ ყველამ ვიხილეთ, თუ რა სასიკეთო შედეგების მოტანა შეუძლია ჯანდაცვის სფეროში წლების განმავლობაში წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის, გლობალურ პანდემიასთან გამკლავების კუთხით. მჯერა და მწამს - მტკიცე ფუნდამენტით გამყარებული, მომავალის ენერგიით სავსე ეს მეგობრობა და პარტნიორობა ურყევია!“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე :

„ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! გვეამაყება, რომ ჩვენი ერები ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით იღწვიან თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი მეგობრობა ძლიერია!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები