„კოვიდ-19“-ის პირობებში კინოწარმოებისთვის ახალი რეკომენდაციები დამტკიცდა

05-07-2020 11:40:44 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის პირობებში, კინოწარმოებისთვის ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული კინოგადაღებაში ჩართული პირების წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა, მაგალითად როგორიც არის გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილო/კვების ბლოკი, სხვა ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება.

ამასთან, კინოგადაღების პერიოდში, გადასაღებ მოედანსა და ყველა შესაბამის ლოკაციაზე უნდა დაწესდეს სპეციალურად დაცული ზონები, რათა გამოირიცხოს გარეშე პირის მოხვედრა გადასაღებ მოედანზე, გარდა სასურსათო მომარაგების, დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირების და სხვა მკაცრად განსაზღვრული პირებისა.

„გადასაღებ მოედანზე უზრუნველყავით სამედიცინო განათლების მქონე არანაკლებ ერთი პირის (ექიმი/ექთანი) ყოფნა, რომელსაც ექნება სათანადო ცოდნა ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების, დიაგნოსტიკის, გავრცელებისა და პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით და მოახდენს კორონავირუსული ინფექციის შესაძლო შემთხვევებზე სათანადო რეაგირებას. გამოყავით არანაკლებ ერთი პასუხისმგებელი პირი გადასაღებ მოედანზე (თითოეულ ლოკაციაზე), რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული სათანადო რეკომენდაციების შესრულებაზე;

მოახდინეთ კინოგადაღებაში ჩართული მსახიობების და კინოგადაღებაში ჩართული პერსონალის ტესტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ) კინოგადაღებების დაწყებამდე. იმ შემთხვევაში თუ კინოწარმოებაში ჩართულია უცხო ქვეყნიდან შემოსული პირი, საზღვრის კვეთის დროს ჩატარებული ტესტირების დოკუმენტაციის (რომლის ხანდაზმულობა არ აღემატება 72 საათს), წარმოდგენის შემთხვევაში მას კინოგადაღებების დაწყებამდე ტესტირება აღარ მოეთხოვება და შემდგომ ყოველ მე-14 დღეს.

გადასაღებ მოედანზე დაუშვით მხოლოდ კოვიდ-უარყოფითი შედეგის მქონე პირები; მსახიობებს მიაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია გადასაღებ მოედანზე არსებული საკარანტინო წესების არსებობის შესახებ. უზრუნველყავით გადასაღებ მოედანზე ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება. ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ ყოველდღიური თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;

უზრუნველყავით მსახიობების და მასიურ სცენებში მონაწილე პირების ერთმანეთისაგან დისტანცირება, გარდა გადაღებისათვის აუცილებელი შემთხვევებისა; გადასაღებ მოედანზე მყოფი თითოეული პირისთვის გაითვალისწინეთ არანაკლებ 4 პირბადე 12-საათიანი სამუშაო დღისთვის. ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ესწრება გადაღებას, მათ შორის გარე კონტრაქტორებსაც“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საგრიმიოროში უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია.

„საგარდერობოში დაიცავით უსაფრთხო დისტანცია; გრიმიორის და თმის სტილისტის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყავით მათი აღჭურვა ნიღბით, ხელთათმანებითა და სახის დამცავი ფარით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ხელთათმანებით მუშაობა (მაგ: თმაზე მუშაობის პროცესში), მაქსიმალურად ხშირად დაიმუშავეთ ხელი არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით; კინოგადაღების პროცესში დააწესეთ სანიტარიული შესვენებები”, – წერია რეკომენდაციებში.

რაც შეეხება, უშუალოდ გადაღებების პროცესს, გრაფიკი ისე უნდა შედგეს, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ჯგუფის წევრებს შორის კონტაქტი.

„გადაღებების გრაფიკი შეადგინეთ იმგვარად, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები მუშაობდნენ ცვლაში და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი უშუალო კონტაქტი სხვადასხვა ჯგუფის წევრებთან; შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ჯგუფში მოახდინეთ არაუმეტეს 10 ადამიანის გაერთიანება. იმ შემთხვევაში, თუ კინოგადაღების პროცესში თითოეული ჯგუფის შემადგენლობაში არის 10 ადამიანზე მეტი, უზრუნველყავით სივრცის განაწილება იმგვარად, რომ ყოველ 5 მ2 ფართობზე იყოს ერთი ადამიანი, ან არანაკლებ ორი მეტრის უსაფრთხო დისტანცია; უზრუნველყავით ჯგუფების ცვლებს შორის ინტერვალის შესაძლებლობა არანაკლებ 1 – 1,5 საათი; გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია; მაქსიმალურად შეამცირეთ კინოგადაღების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობისსაშუალება; აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია.

კინოგადაღების დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, განსაზღვრეთ გამოყენებული რეკვიზიტის, ინსტრუმენტის, ხმის აპარატურის/პულტის და სხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით“,- აღნიშნული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები