კიდევ ერთი ჩეჩენი პოლიტიკური დევნილი მოკლეს, რომელიც კადიროვს აკრიტიკებდა

05-07-2020 11:46:48 მსოფლიო

ავსტრიაში თავშესაფრის მაძიებელი, წარმოშობით ჩეჩენი მოკლეს. მკვლელობა ვენის მახლობლად მდებარე ქალაქ გერასდორფში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა. მოკლულია 43 წლის კაცი. მას სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ავსტრიის სპეცრაზმმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალაქ ლინცში დააკავა. ავსტრიული მედიის ცნობით, დაკავებული ასევე წარმოშობით ჩეჩენი რუსეთის მოქალაქეა.

გამოცემა „კავკაზ რეალიის“ ცნობით, მოკლული სავარაუდოდ, ჩეჩენი ბლოგერი მამიხან უმაროვია, რომელიც ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერს რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. მას ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ არხი ჰქონდა სახელწოდებით „ანზორი ვენიდან“.

უმაროვი თავს უწოდებდა იჩქერიის სეპარატისტული რესპუბლიკის შარიათის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, აკრიტიკებდა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და ირწმუნებოდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს კავშირი ჰქონდათ თავდასხმებთან ევროპაში მცხოვრებ, ყოფილ სეპარატისტ და ამჟამად პოლიტიკურ ემიგრანტ ჩეჩნებზე. უმაროვი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები