სოფელ რუისში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესის დარეგულირების მიზნით გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს

05-07-2020 20:50:27 საზოგადოება ,რეკლამა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იმისათვის, რომ აღნიშნულ სოფელში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და შეფერხების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას წყალი გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტაშისკარის მაგისტრალური არხის ბოლო მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ რუისში შექმნილ შეფერხებებს აღმოფხვრის.

“აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად გადანაწილდეს. პარალელურად მიმდინარეობს რუისის სატუმბი სადგურის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება, ხოლო პროექტის სრულად დასრულება მომავალი წლის სარწყავი სეზონისთვისაა დაგეგმილი. სატუმბი სადგურის მოწყობა სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ წყალგამანაწილებელზე, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტში დამატებით 135 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მოირწყვება.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 34 სარეაბილიტაციო პროექტი, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში 6 პროექტი მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები