Accentnews.ge
უბრალოდ აზრი არასწორად გამოთქვა”- აზერბაიჯანელების რეაქცია ზალკალიანის განცხადებაზე

უბრალოდ აზრი არასწორად გამოთქვა”- აზერბაიჯანელების რეაქცია ზალკალიანის განცხადებაზე

19/06/2019 08:01:01 კავკასია, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლება აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის საკითხზე კულუარული მოლაპარაკებების მართვას არაპირებს, თუმცა ყველაფერზე ღიად ვერ ისაუბრებს.

როგორც მინისტრმა გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში საუბრისას განმარტა, “დიპლომატიურ მოლაპარაკებებს თავისი თანმიმდევრობა და სტრატეგია აქვს”:

"ყველაფერზე თუ ღიად ისაუბრე, ეს არ ჯდება დიპლომატიურ ჩარჩოებში. თუმცა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე თემები, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე იქნება და ამის შესახებ ჩვენ კომუნიკაციაში ვართ საზოგადოებასთან - როგორც კომისია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა ის უწყება, რომელიც ამ კომისიის შემადგენლობაშია ჩართული, რადგან მნიშვნელოვანია, ამ უაღრესად მნიშვნელოვან თემაზე საზოგადოებაში კონსენსუსი გვქონდეს".

იმავე ეთერში ზალკალიანმა გააკეთა კიდევ ერთი განცხადება. რომელსაც სოციალური ქსელების აზერბაიჯანულ სეგმენტში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

"მაშინ, როდესაც ჩვენი ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, არ გვაქვს ფუფუნება, ურთიერთობა დავძაბოთ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან, რომელთან ერთობლივი უმნიშვნელოვანესი პროექტებიც, რომელშიც როგორც აზერბაიჯანის, ისე მეზობელი თურქეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის ინტერესებია, გადის საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა ქართველმა მინისტრმა.

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”გამოქვეყნებულ ამ განცხადებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი კომენტატორების აზრი ორად გაიყო.


“საინტერესო მოსაზრებაა: მაშინ, როცა რუსეთს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, აზერბაიჯანთან ურთიერთობას ვერ გავიფუჭებთო. და თუ რუსეთი ტერიტორიებს დააბრუნებს”?” - წერს ერთ-ერთი კომენტატორი.

“ანუ. თუ გადაწყვეტენ თავის საკითხს რუსეთთან, ბაქოსთან ურთიერთობის გაფუჭება უკვე შესაძლებელი იქნება?” - წერს მეორე.

თანამოქალაქეების დამშვიდება ისევ აზერბაიჯანელმა კომენტატორებმა სცადეს:

“რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო  აზრის სხვაგვარად და უფრო გასაგებად გამოთქმა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრს რაიმე მიზეზით ბაქოსთან ურთიერთობის გაფუჭების შესაძლებლობა არუგულისხმია. უბრალოდ არასწორად გამოთქვა აზრი”;

“ჩვენ მეზობლები ვართ და სამუდამოდ დავრჩებით მეგობრებად და პარტნიორებად”.

ცნობისთვის: 23-24 მაისს  ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, შემდეგი სხდომა თბილისში სავარაუდოდ, ივლისში გაიმართოს. 

შეგახსენებთ, რომ ამ თემის ირგვლივ ვითარებამას შემდეგ დაიძაბა, რაც მიმდინარე წლის 25 მაისს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის მხრიდან გზის გაყვანის სამუშაოები განახლდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა გაავრცელა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერდა, რომ ადგილზე მიყვანილი იყო მძიმე ტექნიკა და კვლავ გრძელდებოდა კლდოვანი საფარის ნგრევა. მოგვიანებით ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა და ტექნიკაც გაიყვანეს.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S