ალექსანდრე გიორგიძე: „თუ საზღვრები არ გაიხსნა, კატასტროფა მოხდება!“
06/07/2020 11:01:04 ეკონომიკა
სტუმარ–მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები დღეს ტურიზმის ადმინისტრაციასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ კონკრეტულ პასუხებს, რას გეგმავს მთავრობა ტურიზმთან და ფრენებთან დაკავშირებით. ამასთან, სექტორის წარმომადგენლები საზღვრების ეტაპობრივად, ფრთხილად გახსნას ითხოვენ.
„შეიქმნა არასწორი მოლოდინები – „ჩვენ ვიქნებით მწვანე ქვეყანა“, „გაიხსნება საზღვრები“ და ა.შ. გამოდგა მინიმუმ, მოუმზადებელი განცხადება ან საერთოდ არ ჰქონდათ გათვლილი არაფერი, შესაბამისად, მთავრობის განცხადებების მიმართ ნდობა მინიმალურია“,– განაცხადა გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ.
მისი თქმით, დაპირებებით შექმნილი მოლოდინების გამო სექტორი კიდევ უფრო რთულ ვიტარებაში აღმოჩნდა:
„ბევრი კომპანია კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩდა: დაანონსდა, რომ საზღვრები 1 ივლისისთვის გაიხსნებოდა, სასტუმროებმა ხარჯი გაწიეს, გაიარეს ინსპექტირება და აღმოჩნდა, რომ გადაიდო ფრენები და დარჩნენ დახურულები“.
მისი თქმით, ტურისტების მხრიდან საზღვრების გახსნის მოლოდინია:
„პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ ნოემბრის ჩათვლით ჯავშნებიდან მხოლოდ ერთი გაუქმდა. მიმოწერისას ყველასგან ვიღებ პასუხს, „გახსენით საზღვარი“. გვწერენ პოლონეთიდან, გერმანიიდან... გვესმის, რომ ეს არ იქნება ბევრი, მაგრამ იქნება ინექცია ბიზნესისთვის. თუ საზღვრები არ გაიხსნა, კატასტროფა მოხდება. ყველაზე შემოსავლიანი პერიოდი იკარგება. ტურიზმის სექტორის შარშანდელი შემოსავლის 70% სწორედ ივლის–აგვისტო–სექტემბერზე მოდის და თუ რაღაც ნაბიჯები არ გადავდით, სექტემბერიც დაიკარგება. წელს 10–15 % რომ ავიღოთ, ცოტათი მაინც გადავრჩებით“.
ამასთან, მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ფრენების აღდგენა შესაძლოა, იმიტომ არ უნდოდეს მთავრობას, რომ საკარანტინო ზონები დაიხურება, რაც უფრო იაფი უჯნდება მთავრობას.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები აგვისტომდე გახანგრძლივდა, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, აგვისტოში აღდგება თუ არა ფრენები.


