
„9 წლის ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა“
06/07/2020 13:05:37 სამართალი
დედის მხრიდან შვილზე ძალადობის ფაქტზე შსს–მ სისხლის სამართლის საქმე 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ბავშვის დედა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ქალი დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, ფაქტის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 9 წლის ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლის ცისანა ჩიკვაიძის ინფორმაციით, მცირეწლოვანს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
ირკვევა, რომ ოჯახში კიდევ ორი ბავშვი ცხოვრობს, რომელთა მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს.
"ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი იმყოფება და საჭიროა ამ ბავშვების მდგომარეობის შესწავლა და შემთხვევის მართვა, შემდეგ დაიგეგმება კიდევ ორი არასრულწლოვანის ბედი. ჩვენ მეტად ჩართული ვიქნებით. სამედიცინო ჩარევა ბავშვს არა დაზიანების, არამედ ემოციურ ფონზე დასჭირდა. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა ტრავმები. პოლიციას დედის ახლობელმა მიმართა",- აცხადებს ცისანა ჩიკვაიძე.