მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სტუმრების მიღება ეკონომიკისთვის ნეგატიურ ეფექტს მოიტანს
06/07/2020 15:12:12 ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში ფრენების აღდგენა ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
მისი განმარტებით, თუ მიმოსვლის უკონტროლო აღდგენა მოხდება, ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელების რისკები გაიზრდება, რაც შემდგომში ეკონომიკაზე კიდევ უფრო მძიმე გავლენას მოახდენს.
„უნდა ავიღოთ ციფრები და ვნახოთ, თუ რა არის ის პოტენციალი, რაც შეიძლება, წლის ბოლომდე მივიღოთ ევროპელი დამსვენებლების სახით. ეს არის საკმაოდ მცირე ციფრი. საუკეთესო პროგნოზებითაც კი, ეს ციფრი ვერანაირად გადაცდებოდა 50-დან 100 ათასამდე მოგზაური წლის ბოლომდე.ზოგადად თუ ავიღებთ ჩვენს მოლოდინს, რაც იყო დაახლოებით 10 მილიონ ტურისტზე მეტი, დაახლოებით 0,5%-ია ის, რასაც უნდა ველოდოთ ამ წლის დასრულებამდე.
ეს ეკონომიკისთვის ძალიან მცირედია. მინდა, ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გახსნის შემთხვევაში მათ მოემატებათ შემოსავლები, ცდებიან, რადგან გახსნის შემთხვევაში იქნება ძალიან მცირედი ნაკადი ტურისტების, რაც საკმარისი იქნება კოვიდის გასავრცელებლად, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის. ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ ეკონომიკური მიზანშეწონილობით თუ ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ფრენების გახსნა და სტუმრების მიღება ეკონომიკისთვის ნეგატიურ ეფექტს იძლევა, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს და ვიღაცას სისულელედ მოეჩვენოს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს იქნება, რასაკვირველია, ნეგატიური“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ცნობისთვის: საქართველო „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა, თუმცა საქართველოს მთავრობამ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა აგვისტომდე გაახანგრძლივა. დაზუსტებით უცნობია, გაიხსნება თუ არა საზღვრები ტურისტებისთვის აგვისტოში.
იზილეთ ასევე: ალექსანდრე გიორგიძე: „თუ საზრვრები არ გაიხსნა, კატასტროფა მოხდება!“
შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 13.5% შეადგინა. კლების ტენდენცია ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში გამოვლინდა.


