
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება შესაძლოა, გაუხანგრძლივდეს
06/07/2020 15:52:23 სამართალი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა, 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს.
„ჩვენ შევძელით ეფექტიანად გვემართა არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ შემდეგაც - ამისთვის კარგი გაგებით ბრწყინვალე იარაღი აღმოჩნდა საკანონმდებლო ცვლილებები. ამ თვის 15-მდე იყო შესაბამისი ვადა - ამ რეგულაციებით ვიცავთ ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობას, ასევე ეკონომიკას მეტი ზიანისგან. ამ რეგულაციით გავხსენით უფრო მეტად ეკონომიკა.
როცა საუბარია, რომ თუ იქნა მეორე ტალღა - აქ დგება მესამე ინტერესის დაცვის საკითხი. ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს. ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი. იყო სპეკულაციები, მაგრამ არავინ არ აპირებს ამას. არ უნდა დაგვჭირდეს პატარა პრობლემის გამო სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. უნდა გვქონდეს საშუალება, რომ საკანონმდებლო რეგულაციებმა მისცეს მენეჯმენტს უფლება, მართოს ეფექტიანად.
მიმაჩნია, რომ ამ საკითხში უკან არ უნდა დავიხიოთ და არჩევნების კონტექსტში უპრიანი იქნება ვადის გადაწევა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა აღნიშნული კანონი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მიიღო. მოტივად კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა და მისი მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით მთავრობა იტოვებს უფლებამოსილებას, ქვეყანაში რიგი შეზღუდვები საგანეგბო მდგომარეობის გარეშე დააწესოს. მაგალითად, სადღეისოდ სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმაა განსაზღვრული; არსებობს შეზღუდვები ტაქსით გადაადგილებაზე და ა.შ.
იხილეთ ასევე: NGO-ები ითხოვენ ინფორმაციას, რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს 15 ივლისის შემდეგ