
მცირეწლოვანზე ძალადობისთვის დედა დააკავეს
07/07/2020 06:40:51 სამართალი
ბათუმში 9 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დედა დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
შემთხვევა 6 ივლისს ხელვაჩაურში მოხდა.
როგორც სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, ფაქტის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 9 წლის ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლის ცისანა ჩიკვაიძის ინფორმაციით, მცირეწლოვანს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
"ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი იმყოფება და საჭიროა ამ ბავშვების მდგომარეობის შესწავლა და შემთხვევის მართვა, შემდეგ დაიგეგმება კიდევ ორი არასრულწლოვანის ბედი. ჩვენ მეტად ჩართული ვიქნებით. სამედიცინო ჩარევა ბავშვს არა დაზიანების, არამედ ემოციურ ფონზე დასჭირდა. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა ტრავმები. პოლიციას დედის ახლობელმა მიმართა",- განაცხადა ცისანა ჩიკვაიძემ.