კრემლის მიერ დაკვეთილი მორიგი მკვლელობა: ვენაში რუსეთის საელჩოსთან ჩეჩნების აქცია იგეგმება

07-07-2020 11:00:16 კავკასია

მამიჰან უმაროვის (იგივე ვენელი ანზორის) მკვლელობით აღშფოთებული ჩეჩნური დიასპორა ვენაში რუსეთის საელჩოსთან აქციის გამართავს გეგმავს,

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მიტინგის ორგანიზატორი ავსტრიაში ჩეჩნური კულტურის ცენტრის კოორდინატორი, ორივე ჩეჩნური ომის მონაწილე, ექს-პრეზიდენტ ასლან მასახადოვის ყოფილი პირადი ადიუტანტი ჰუსეინ ისხანოვია.

როგორც ისხანოვი აცხადებს, აქციის მონაწილეები რუსეთის ხელისუფლებას «ევროპაში პოლიტიკური ანგარიშსწორებების შეწყვეტას» მოსთხოვენ.

ამ რიგს მიაკუთვნებს იგი 2009 წელს ვენაში უმარ ისრაილოვის, 2019 წელს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის, 2020 წლის თებერვალში ლილაში იმრან ალიევის მკვლელობებს, ასევე 2020 წლის მარტში შვედეთში ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობასაც.

ისხანოვის მონაცემებით, ჯამში რუსეთის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ მსგავს თავდასხმებს უკვე 19 ადამიანი ემსხვერპლა, რომლებსაც თავის დროზე ესა თუ ის კავშირი ჰქონდათ ჩეჩენ მეამბოხეებთან.

ისხანოვის განცხადებით, იგი მოკლულს იცნობდა და ორიოდ წლის წინ მოისმინა მისგან, რომ უმაროვი სატელეფონო მუქარებს იღებდა.

“ვენელი ანზორი” ცნობილი იყო სკანდალური ვიდეორგოლებით, რომლებსაც YouTube-არხზე აქვეყნებდა. იგი აქტიურად უპირისპირდებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვსა და მის ხელისუფლებას, რომლებსაც არცთუ იშვიათად უცენზურო ეპითეტებითაც “ამკობდა”.

ამ ვიდეორგოლების გამოქვეყნება უმაროვმა უკრაინული ტელევიზიის ეთერში გამოსვლის შემდეგ დაიწყო, რომლის დროსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ მკვლელობებზე საუბრობდა და კონკრეტულ დამკვეთებს ასახელებდა.

«ერთ-ერთ ვიდეორგოლში, რომელიც მეც ვნახე, უმაროვი კონკრეტულ სახელებს, კონკრეტულ გვარებს ასახელებდა და ამ ადამიანებს მათთვის გასაგებ ენაზე მიმართავდა, რომელიც ნაკლებ მიესადაგება მედიაში ციტირებას», - განაცხადა ისხანოვმა.

ჩეჩნეთის მკვიდრი უმაროვი ვენის გარეუბანში ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში გასროლით მოკლეს. ავსტრიაში იგი 2005 წლიდან პოლიტდევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტით ბინადრობდა. ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ორი მკვიდრი – სარალი ახტაევი და სალმან მაგამადოვი, - აცნობა «Кавказ.Реалии»-ს წყარომ ერთ-ერთ ევროპულ დიასპორაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები