რუსული პარტია “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაუყოვნებლივი მიერთების” ინიციატივით გამოდის

07-07-2020 11:54:22 პოლიტიკა

რუსული პარტიის “სიმართლისთვის” ლიდერი, მწერალი ზახარ პრილეპინი “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაუყოვნებლივი მიერთების” ინიციატივით გამოდის. ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება პარტიის საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ პუნქტად ჩაიწერა.

გარდა ამისა, პარტიის საიტზე გამოქვეყნებულ პროგრამაში ფიგურირებს უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების – “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების”, ასევე დნესტრისპირეთის “დაუყოვლებლივი მიერთება”, რისთვისაც ასევე რეფერენდუმის ჩატარებაა შეთავაზებული.

პარტია უფრო შორსაც მიდის და გამოდის ინიციატივით, რუსეთის კონსტიტუციაში ჩაიწეროს ნორმა, რომელიც სახელმწიფოს ნებისმიერი ტერიტორიის მიერთების უფლებას მისცემს, რომლის მაცხოვრებლების 75% ამას დაუჭერს მხარს.

გარდა ამისა, პარტია “რუსეთ-ბელარუსის სრულყოფილი სამოკავშირეო სახელმწიფოს ჩამოყალიბების” მომხრეა.

  • ზახარ პრილეპინი უკრაინის აღმოსავლეთში გამართული საბრძოლო მოქმედებების მონაწილეა, 2018 წლის ივლისამდე სეპარატისტების არმიის ერთ-ერთი ბატალიონის ხელმძღვანელის მოადგლე გახლდათ. პარტია მან 2020 წლის 1 თებერვალს დააფუძნა.
  • 2020 წლის სექტემბერში პარტია საკანონმდებლო კრების არჩევნებში 11 რეგიონში გეგმავს მონაწილეობას, მომავალი წლისთვის კი აპირებს, ყველა საარჩევნო პროცესში, მათ შორის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ჩაერთოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები