ტიკარაძე: „14 ივნისის შემდეგ შიდა გადაცემის ფაქტები აღარ გვქონია“
07/07/2020 09:01:59 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზადაა COVID-19–ისგავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის.
როგორც მინისტრმა მარნეულში ჟურნალებს განუცხადა, 14 ივნისის შემდეგ ქვეყანაში შიდა გადაცემის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
„ძირითადი ინფიცირებულები საკარანტინო სივრცეებიდან გვყავს. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ეს სტატისტიკა მოსახლეობისთვის ღელვის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. ამ ეტაპისთვის საკმაოდ გაფართოებული სამიზნე ჯგუფები გვყავს და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაფართოებას არ ვგეგმავთ. 14 ივნისის შემდეგ აღარ გვქონია შიდა გადაცემის ფაქტები და სწორედ აქედან გამომდინარე არის ის გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ჩვენ ვხსნით აუზებს და ფიტნესდარბაზებს, ასევე ვაწესებთ სხვა შეღავათებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ აუზების და ფიტნესდარბაზების შემოწმება დღეიდან დაიწყო.
„როდესაც დაიდება გარკვეული პროტოკოლები, რომელიც შემუშავებულია და მოვა შესაბამისობაში არსებულ მდგომარეობასთან, რომელიც დღესდღეობით აქვს ჩვენს აუზებს და ფიტნესკლუბებს, დაიწყება მათი ეტაპობრივი გახსნა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ინფორმაციისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 838 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა. სადღეისოდ ქვეყანაში 105 ლაბორატორიულად დადასტურებული აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.


