
ჟურნალისტური გამოძიება - ვინ არის ადამიანი, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა
07/07/2020 11:02:35 ანალიზი
გამოცემებმა The Insider, Bellingcat и Der Spiegel კვლავ ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი რუსის-ვინმე „რომან დავიდოვი“-ს კვალი აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, ხანგოშვილის მკვლელის, დაკავებული კრასიკოვი და „დავიდოვი“ იმ ქილერთა ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც ФСБ-ს ერთ-ერთ ელიტურ დანაყოფ „Вымпел”-ს წარმოადგენს. ეს ჯგუფი უპრობლემოდ იღებდა შენგენის ვიზებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად და წლების განმავლობაში სხვადასხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალურ, უკანონო და სასტიკ დავალებებს ასრულებდა.
ირკვევა, რომ 2019 წლის 29 ივლისს, ვინმე „რომან დავიდოვმა“, პეტერბურგში, სლოვაკეთის საკონსულოში ერთწლიანი შენგენის ვიზის მისაღებად განაცხადი შეიტანა. მან ანკეტაში ის მისამართი მიუთითა, რომელიც საერთოდ არ არსებობს. რუსეთის სამოქალაქო ბაზებში არ არსებობს არც რაიმე ჩანაწერი 1981 წლის 9 ოქტომბერს დაბადებულ „რომან დავიდოვზე“-ც. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ „რომან დავიდოვ“-ზე პასპორტი 2019 წლის 23 ივლისს არის გაცემული, ხოლო იმ კომპანიას, რომელშიც თითქოს ის დასაქმებული იყო, მხოლოდ ერთი ფორმალური თანამშრომელი ჰყავს.
„რომან დავიდოვი“ არ არის ერთადერთი არ არსებული ადამიანი, რომელსაც იმ დღეს შენგენის ვიზის აღება მოუნდა. მეორე ასეთი მოგონილი პერსონა-„ვადიმ სოკოლოვი“ იყო, რომელმაც ასეთივე ვიზა მოსკოვში, საფრანგეთის საკონსულოში მოითხოვა. ეს „სოკოლოვი“ აღმოჩნდა მოგვიანებით სინამდვილეში კრასიკოვი, რომელიც ბერლინის პოლიციამ ხანგოშვილის მკვლელობისთვის დააკავა. „სოკოლოვი“-ც ევროპაში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე „დაიბადა“, მისი საზღვარგარეთის პასპორტის ნომერი „დავიდოვი“-ს პასპორტის ნომრისგან მხოლოდ 2 ციფრით განსხვავდება. რუსეთის შემოსავლების რეესტრში კი ორივე მათგანი ერთდროულად-2019 წლის 23 ივლისს დაფიქსირდა- ერთი და იგივე ფირმის ინჟინერ-კონსტრუქტორებად.
ჯერ-ჯერობით „რომან დავიდოვი“-ს როლი ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში ნათელი არ არის. ცნობილია, რომ 2019 წლის 3 აგვისტოს ის ბელორუსიდან პოლონეთში მანქანით გადავიდა, ხოლო 4 დღეში უკან დაბრუნდა. მკვლელობა 23 აგვისტოს მოხდა, კრასიკოვი ბერლინში ასევე პოლონეთიდან ჩავიდა. როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ფიქრობენ, მკვლელობის იარაღი-მოდიფიცირებული „გლოკი“ მან სწორედ პოლონეთში მიიღო. ბერლინში კრასიკოვი მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გაჩერდა, იქ მას უკვე დახვდა ველოსიპედი და ელექტრო სკუტერის ის მოდელი, რომელიც გერმანიაში არ იყიდება. მან იცოდა სად უნდა დაჰხვედროდა მსხვერპლს და როდის უნდა ესროლა. ასე რომ, ეჭვგარეშეა, რომ კრასიკოვს ვიღაც ეხმარებოდა. ის, რომ „დავიდოვი“ კრასიკოვს ეხმარებოდა, ჩანს იმ მანქანის გადაადგილებიდანაც, რომელიც მანამდე მან მოსკოვში იქირავა. საგზაო კამერების ჩანაწერებით, რომელიც Bellingcat -ს ხელთ ჩაუვარდა, „დავიდოვი“-ს გადაადგილებების მარშრუტის გაგება გახდა შესაძლებელი. 2019 წლის ივლისში ის ხშირად სტუმრობდა იმ ქუჩას მოსკოვში, სადაც კრასიკოვი ცხოვრობდა, ასევე მოძრაობდა იმ რაიონში, სადაც ФСБ-ს სპეციალური დავალებების ცენტრის ბაზა მდებარეობს და სადაც კრასიკოვი იმ პერიოდში საბრძოლო წვრთნებს გადიოდა. იმის მიუხედავად, რომ „დავიდოვი“-ს როლი ბერლინის მკვლელობაში ბოლომდე ნათელი არ არის, უშუალოდ მისი შემხებლობის ფაქტი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს კრასიკოვსა და ФСБ-ს მიერ ორგანიზებულ სხვა მკვლელობებს შორის საზღვარგარეთ.
ერთნაირი პასპორტები და მსგავსი მკვლელობა სტამბოლში
The Insider, Bellingcat и Der Spiegel მსგავსებას პოულობს ხანგოშვილის მკვლელობასა და 2015 წელს თურქეთში მომხდარ ფაქტს შორის. 2015 წლის 1 ნოემბერს, ვინმე აბდულვახიდ ედილგერიევი სტამბოლში, საკუთარ მანქანასთან ჩაცხრილეს. უფრო სწორედ, მან მანქანიდან გადასვლა მოახერხა, გაიქცა, მაგრამ მკვლელი დაეწია და ზურგში 5 გასროლით მოკლა. ედილგერიევმა მანქანაში მყოფი პატარა ძმისშვილის გადარჩენა მოასწრო. როგორც The Insider, Bellingcat и Der Spiegel წერენ, ედილგერიევს და ხანგოშვილს საერთო ბევრი არაფერი აქვთ, თუ არ ჩავთვლით ჩეჩნეთის ომში მონაწილეობის ფაქტს. ასევე, ორივე რაღაც პერიოდი უკრაინაშიც ცხოვრობდა. დანარჩენში, მათი ბიოგრაფიები ერთმანეთს არ ჰგავს. ედილგერიევი რადიკალი ისლამისტი იყო, სირიაშიც იბრძოდა ალ ქაედას მხარეს. თურქეთის მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ მისი მკვლელობის დაგეგმვაში მინიმუმ რუსეთის სამი მოქალაქე მონაწილეობდა. გაირკვა, სხვადასხვა დეტალებიც-მკვლელობამდე ორიოდე თვით ადრე თურქეთში ვინმე „ალექსანდრ ნასიროვი“ გადაადგილდებოდა, რომელმაც ორი მანქანა იქირავა. მოგვიანებით, ორივე ავტომობილი, თურქეთის ჩრდილოეთში მიტოვებული იპოვეს. „ნასიროვი“ რუსეთში 16 სექტემბერს -ედილგერიევის მკვლელობამდე დაბრუნდა. მისი ორი თანამზრახველი-„სმირნოვი“ და „ანისიმოვი“ თურქეთში დაახლოებით იმავე პერიოდში იმყოფებოდნენ. პოლიციამ ქუჩების სათვალთვალო კამერებიდან ამონაწერები ამოიღო და დაადგინა ის ადგილებიც, სადაც ეს სამეული ერთმანეთს ხვდებოდა. მკვლელობის შემდეგ, მათი დაკავება თურქებმა მაშინ ვერ მოახერხეს. თუმცა, 6 თვეში „სმირნოვი“ და „ანისიმოვი“ თურქეთში დაბრუნდნენ და პოლიციის ხელში აღმოჩნდნენ. ერთ წელიწადში კი ისინი დაპატიმრებულ ყირიმელი თათრების მეჯლისის წევრებზე რუსებს გაუცვალეს. რუსულ მედიაში ამ გაცვლაზე არაფერი თქმულა, ყველაფერი კრემლის კეთილ ნებად მოინათლა. აღსანიშნავია, რომ სამივე სტამბოლელ მკვლელს პასპორტების მსგავსი ნომრები ჰქონდათ. პირველად თურქეთში ისინი 2014 წლის 1 დეკემბერს იყვნენ ჩასულები. სწორედ იმ დღეს მოკლეს ცნობილი უზბეკი იმამი აბდულა ბუხარი.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კიდევ 4 ადამიანის აღმოჩენა შეძლეს, რომლებსაც პასპორტის მსგავსი ნომრები აქვთ. რამდენიმე მათგანის მფლობელის გადაადგილება 2015 წლის ივლის-აგვისტოში პრაღაში ფიქსირდება. ერთ-ერთ მათგანს-„რომან ნიკოლაევ“-ს პასპორტში იგივე ფოტოსურათი აქვს, რაც „რომან დავიდოვ“-ს თავის სავიზო ანკეტაში. ამ „დავიდოვ-ნიკოლაევის“ გარდა, მინიმუმ კიდევ ერთი ადამიანს ჰქონდა კავშირი ხანგოშვილის მკვლელ კრასიკოვთან. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ჯგუფის მინიმუმ ორ წევრს რუსეთის პასპორტის იმავე სერიისაა, რაც „ФСБ“-ს დანაყოფ „Вымпел”-ის სკანდალურ პოლკოვნიკ იგორ ეგოროვს.
ФСБ-ს პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი
ცოტა ხნის წინ, უკრაინაში უსაფრთხოების სამსახურის გენერალ-მაიორი შაიტანოვი დააპატიმრეს. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მისი კურატორი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი იყო. ის „ФСБ“-ს დანაყოფ „Вымпел”-ის მაღალჩინოსანია. ამ დანაყოფმა, რომელიც ათწლეულებია არსებობს, რუსეთის გარეთ არალეგალური საბრძოლო ოპერაციების შესრულებით გაითქვა სახელი. ერთ-ერთი ოპერაცია, რომელსაც ეგოროვი და შაიტანოვი გეგმავდნენ, ჩეჩენი მებრძოლის ადამ ოსმაევის ლიკვიდაცია იყო. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ, სწორედ The Insider-მა, Belingcat-მა და Der Spiegel-მა გაარკვიეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, სეპარატისტებში ცნობილი საძახის „ელბრუსის“ უკან სწორედ პოლკოვნიკი ეგოროვი იდგა. 2014 წელს, ის იყო კრემლის კურატორი დონბასის რეგიონში. ასევე, იგივე პირი, რუსული საზენიტო კომპლექს „ბუკით“ ჩამოგდებული მალაიზიური „ბოინგის“ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.
ევროპული საგამოძიებო მედია და სამართალდამცველები პოულობენ უფრო და უფრო მეტ დადასტურებას იმისა, რომ რუსული სპეცსამსახურები აბსოლუტურად კანონგარეშე მოქმედებას ბედავენ, არ ერიდებიან არა თუ ადამიანების მოკვლას, არამედ უფრო და უფრო მეტ სამიზნეებს ირჩევენ. ახლა კრემლი ცდილობს დააჯეროს მსოფლიოს, რომ რუსული სამხედრო ბაზიდან გამოტანილი „ბუკიდან“ არ მომხდარა იმ თვითმფრინავის[u1] მიმართულებით რაკეტის გასროლა, რომელსაც 298 უდანაშაულო ადამიანი ამსტერდამიდან გადაყავდა.
ცოტა ხნის წინ, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ უკვე ოფიციალური ბრალდება წარუდგინა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ კრასიკოვს. გერმანელი სამართალდამცველები დარწმუნებულები არიან, რომ მან შეკვეთილი მკვლელობა შეასრულა და კვალი პირდაპირ კრემლისკენ მიდის. როგორც ჩანს, ლეგენდარული „Вымпел”-ის (ალამი) ტარი უბრალოდ ძალიან გაცვდა და ჩალპა, ისევე როგორც კრემლის წარმოდგენები იმ სახელმწიფოებზე, რომლებშიც ამ „ალამს“ ასე ხშირად აფრიალებენ.