საოკუპაციო ხაზთან „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება
07/07/2020 12:29:46 ეკონომიკა
გამყოფი ზოლის მიმდებარედ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში ნატურალური სასმლის „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობა იწყება. ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი ფერმენტებით მდიდარი სასმელის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. პროექტის მხარდამჭერები არიან „საპარტნიორო ფონდი“, „სტარტაპ-საქართველო“ და USAID-Zrda.
როგორც განიმარტა, „სტარტაპ-საქართველოსა“ და USAID-Zrda-ს ერთობლივი ახალი ინიციატივა გულისხმობს პირობითი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, დაიწყონ ინოვაციური, სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესები, ადგილზე მეტი საწარმოსა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
„დღევანდელი დღე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რა არის ჩვენი თანამშრომლობის, ამერიკის მხარდაჭერის მიზანი საქართველოში. სამი თვის შემდეგ აქ იქნება კომბუჩას მწარმოებელი საწარმო, რომელიც აშენდება ახალგზარდების ჯგუფის ინიციატივით „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ-საქართველოს“ და USAID/Zrda-ს ხელშეწყობით და ეს იქნება მართლაც ყველასათვის მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აშშ-ის დახმარების მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას არა მხოლოდ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და თემებში, არამედ – მთლიანად საქართველოში. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი შექმნის სამუშაო ადგილებს ისეთ პატარა თემებში, როგორიც არის ყარაფილა და მოუტანს შემოსავალს ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, გამომხატველი იმისა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად დგომით და თანამშრომლობით. ამასთანავე, ეს გამოხატავს აშშ-ის ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა.


