“შეწყვიტეთ პუტინისა და კადიროვის დახმარება ჩვენს მკვლელობაში!” - ვენაში, რუსეთის საელჩოს წინ ჩეჩნების აქცია გაიმართა

07-07-2020 19:03:45 კავკასია

ავსტრიის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა ადგილობრივ უფლებადამცველებთან ერთად ვენაში, რუსეთის საელჩოს წინ აქცია გამართეს და “რუსეთისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებების დაკვეთით” ევროპაში ჩეჩნების მკვლელობები გააპროტესტეს.

აქცია 4 ივლისს ვენაში ჩეჩენი ბლოგერის – მამიხან უმაროვის მკვლელობის შემდეგ დაიგეგმა.

“შეწყვიტეთ პუტინისა და კადიროვის დახმარება ჩვენს მკვლელობაში! შეწყვიტეთ პუტინისა და კადიროვის კრიტიკოსების გაუსამართლებლად ხოცვა!”, “ჩვენ ვერ დაგვაშინებთ!” - ამ შინაარსის პლაკატებით აქციაზე ჩეჩნური დიასპორის 70-მდე წარმომადგენელი გავიდა.

თავის მხრივ, მიტინგზე გასული ავსტრიელი უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ “მთელს მსოფლიოში ჩეჩენი დისიდენტების მკვლელობების უკან კრემლი დგას”.

"ჯერ უმაროვის ძმა მოკლეს, დედამისს კი არაადამიანურად ეპყრობოდნენ, ამცირებდნენ და აიძულებდნენ, ვაჟის ცხედარი ეპოვა უამრავ სხვა ცხედარს შორის… ახლა უმაროვი თავადაც მოკლეს. დიახ, ის აკრიტიკებდა და აძაგებდა კრემლსა და კადიროვს… მინდა, გკითხოთ, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თქვენს დედას და ძმას რომ ასე მოჰქცეოდნენ?! გარდა ამისა, ვინმეს მიერ თქვენი საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის ფასად მკვლელობა არ უნდა იქცეს!", – განაცხადა ახალგაზრდა ავსტრიელმა უფლებადამცველმა.

ჩეჩენი პოლიტდევნილი მამიხან უმაროვი (ცნობილი იყო ვენელი ანზორის სახელით, პასპორტში კი მარტინ. ბ.-დ ფიგურირებდა) მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე სთხოვდა ნაცნობს, ჯავშანჟილეტის შეძენაში დაჰხმარებოდა, - წერს ავსტრიული გამოცემა Der Standard.

როგორც გამოცემა ავსტრიის კონსტიტუციის დაცვის უწყების მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, მარტინ ბ.-მ, რომელიც ძალზე ცნობილი იყო ადგილობრივ ჩეჩნურ დიასპორაში თავისი ვიდეობლოგის წყალობით, პოლიციის მიერ დაცვაზე უარი განაცხადა. თუმცა მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა ნაცნობს, რომ საფრთხეში იყო.

“სააგენტო APA ციტირებდა ყოფილ უკრაინელ პოლიტიკოს იგორ მოსიიჩუკს, რომელსაც მარტინ ბ.-მ დახმარება სთხოვა ჯავშანჟილეტის შეძენაში და როგორც მოსიიჩუკი აღნიშნავს, ზომაც დაუსახელა” – წერს Der Standard.

საუბარია ყოფილ დეპუტატ მოსიიჩუკზე, რომელიც 2017 წელს კიევში თავად გახდა თავდასხმის მსხვერპლი, თუმცა გადარჩა.

“შემდეგ მოსიიჩუკი ისრაელში ნაცნობებს დაუკავშირდა ჟილეტის გამოსაწერად. თხოვნაზე, მიწოდების მისამართი დაესახელებინა, 23 ივნისს მარტინ ბ.-მ მოსიიჩუკს ვენის დონაუშტადტის რაიონში დაუსახელა მისამართი», – წერს გამოცემა.

Der Standard-ს პოლიციის მონაცემებიც მოჰყავს იმის შესახებ, რომ ორივე ეჭვმიტანილი უარს აცხადებს გამოძიებასთან აქტიურ თანამშრომლობაზე.

მისივე ინფორმაციით, მკვლელობის უშუალო განხორციელებაში ეჭვმიტანილი 47 წლის მამაკაცი ზემო ავსტრიაში, ანსფელდენში იყო რეგისტრირებული. მეორე მამაკაცის - მისი თანამზრახველის ზუსტი როლი საქმეში ჯერ გამოკვეთილი არ არის.

“არსებული ინფორმაციით, იგი მკვლელობაში ეჭვმიტანილთან ერთად ჩავიდა გერასდორფში და საქმეში ჯერ თვითმხილველად განიხილებოდა, თუმცა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მიცემის შემდეგ პოლიციამ აღარ გაუშვა», – წერს გამოცემა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები