
სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
07/07/2020 17:25:06 სამართალი
მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ი.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს – თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.