აფხაზი მეწარმეების გზავნილი მიღებულია – თბილისი თანამშრომლობისა და დახმარებისთვის კვლავინდებურად მზადაა

08-07-2020 12:22:56 კონფლიქტები

კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი ფაქტობრივი ეკონომიკური კოლაფსის პირობებში აფხაზეთში იმედით ელოდნენ მოსკოვიდან ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის – ასლან ბჟანიას დაბრუნებას. თუმცა მის პირველივე პრეს-კონფერენციაზე ნათელი გახდა, რომ ბ-ნმა ბჟანიამ მოსახლეობისთვის სადღეისოდ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხებთან (რუსეთის ფინანსურ დახმარებასთან და ტურისტული სეზონის გადასარჩენად მასთან დე ფაქტო საზღვრის გახსნასთან) დაკავშირებით კონკრეტული პრაქტიკულად ვერაფერი ჩამოიტანა.

სადღეისოდ აფხაზური ოჯახების უმრავლესობისთვის ყველაზე საჭირბოროტო კითხვაზე, “როდის გაიხსნება რუსეთთან საზღვარი და მიღწეულია თუ არა მოსკოვში ამასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება?”, ბჟანიამ განაცხადა, რომ “აფხაზეთი საზღვარს ცალმხრივ რეჟიმში ვერ გახსნის, ამას არც აზრი ექნებოდა” და რომ ყველაფერი თავად რუსეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული:

«ჩვენ მზად ვართ, საზღვარი ნებისმიერ დროს გავხსნათ, მაგრამ ამის ცალმხრივ რეჟიმში გაკეთებას აზრი არ აქვს – იგივე ნაბიჯი უნდა გადმოდგან ჩვენმა რუსმა მეგობრებმაც. დავიცადოთ რამდენიმე დღე. თუ სწორად მახსოვს, 24 ან 25 ივნისს სოჭში ტურისტების დიდი ნაკადი ჩავიდა. საინკუბაციო პერიოდი ორ კვირას შეადგენს, 10 ივლისისთვის სურათი გამოიკვეთება და ჩვენც ამ სურათის მიხედვით ვიმოქმედებთ».

რაც შეეხება რუსეთის ფინანსურ დახმარებას, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო მცირდებოდა და სადღეისოდ პრაქტიკულად განულდა, ბჟანია შეეცადა, უარეყო ეს უკვე ფართოდ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ რუსულ მხარეს ორმხრივი შეთანხმებებით ნაკისრი ყველა ვალდებულება “პირნათლად და ხარისხიანად” აქვს შესრულებული, პრობლემა კი იმის გამო შეიქმნა, რომ თავად დე ფაქტო ხელისუფლებას, რომელიც საარჩევნო პროცესებით იყო დაკავებული და “სათანადოდ ვერ იცლიდა, რაღაც გამორჩა”. მან პირობა დადო, რომ ახლა მისი მთავრობა დაკარგულის ანაზღაურებას შეეცდება, თუმცა რის ხარჯზე და რა გზით – არ დაუკონკრეტებია.

ამ პირობებში აღარავის გაჰკვირვებია დე ფაქტო პრეზიდენტის გულახდილად უარყოფითი პასუხი კითხვაზე, “აპირებს თუ არა აფხაზური სახელმწიფო რაიმე ზომების მიღებას მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლებიც პანდემიის პირობებში დიდ სირთულეებს განიცდიან?”.

“არა, სახელმწიფოს მსგავსი ზომების გატარების ფუფუნება არ აქვს, რადგან არ არსებობს უსაფრთხოების არანაირი “ბალიში”, ბიუჯეტი სანახევროდ რუსული ფინანსური დახმარებისგან შედგება, საკუთარი შესაძლებლობები კი არ გაგვაჩნია”, - განაცხადა ასლან ბჟანიამ. - “ყველაფერთან ერთად, ეპიდემიის შედეგად ბიუჯეტში წარმოიქმნა უზარმაზარი – თითქმის 2 მლრდ რუბლის ოდენობის გარღვევა. თუმცა იმედი გვაქვს, რუსეთი დაგვეხმარება. მას არასოდეს მივუტოვებივართ რთულ დროს და დარწმუნებული ვარ, არც ახლა მიგვატოვებს”.

აქედან გამომდინარე ლოგიკური კითხვა, “აპირებს თუ არა ახალი ხელისუფლება ზომების მიღებას საკუთარი ეკონომიკის განსავითარებლად და მისი გარე დახმარებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად?”, პრაქტიკულად უპასუხოდ დარჩა – ასლან ბჟანიამ საუბარი გადაიტანა “კორუფციაზე, რომელიც ეკონომიკურ ზრდას აფერხებს”.

ამგვარად, დე ფაქტო პრეზიდენტმა სანუგეშო ვერაფერი თქვა ვერც მოსახლეობისთვის, რომელსაც მხოლოდ იმას დაჰპირდა, “ვინმეს შიმშილით სიკვდილს არ დავუშვებთო”, ვერც აფხაზური ბიზნესისთვის, რომელიც, როგორც “აქცენტმა” რამდენიმე დღის წინ უკვე ამცნო მკითხველს, სავალალო მდგომარეობაშია. კერძოდ, მეწარმეები, რომელთაც ბრუნვა კრიტიკულ 7,4%-მდე შეუმცირდათ, ამბობენ, რომ აფხაზეთში ბიზნესის გაგრძელება შეუძლებელი ხდება, თუმცა არც საქმის შეწყვეტა და სახლებში ჯდომა შეუძლიათ — ასობით თანამშრომლის მიმართ პასუხისმგებლობა, ასევე ბიზნესის განვითარება-გაფართოებისთვის გამოტანილი საბანკო კრედიტები დამოკლეს მახვილივით ჰკიდია არა მარტო მათ, არამედ მათი თავმდები პირების თავებსა და საცხოვრებლებზეც. და თუ ადრე “სტრატეგიული პარტნიორის” - რუსეთის ბაზარზე მოხვედრის მინიმალური იმედი მაინც ღვივოდა, ახლა ის საბოლოოდ გადაიწურა.

შექმნილ ვითარებაში, აფხაზური ბიზნესის წარმომადგენლების აზრით, შესაძლებელია, განხილულ იქნას დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გახსნისა და ამ გზით აფხაზური პროდუქციის არა მარტო ქართულ, არამედ ევროკავშირის ბაზარზე გატანის ვარიანტი. ამასთან, გამოჩნდნენ იმის მსურველებიც, რომ ეს ვარიანტი რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის შემთხვევაშიც იქნას აპრობირებული.

«ვინაიდან რუსეთთან საზღვრის გახსნა ისედაც დიდს ვერაფერს გვაძლევდა ბიზნესის განვითარების კუთხით, ვთვლი, რომ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ. ამ ეტაპზე - თუნდაც არაოფიციალურ დონეზე», - თვლის აფხაზი მეწარმე პ.კ., რომელმაც ეს განცხადება ამასწინათ ადგილობრივი საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

“ეს მოსაზრებები აფხაზურ საზოგადოებაში პირველად როდი ისმის. უფრო ხშირად მსგავს ურთიერთქმედებაზე საუბრობენ სწორედ კრიზისულ სიტუაციებსა და პერიოდებში. ახლა კი, პანდემიის დროს, რომელმაც დამანგრეველი ზიანი მიაყენა აფხაზურ ეკონომიკას, ეს თანამშრომლობა შესაძლოა, არა მარტო საყრდენად, არამედ აღორძინების კარგ საფუძვლად იქცეს და გარდა ამისა, ალტერნატივა გახდეს წლიდან წლამდე სულ უფრო მცირე რუსული ფინანსური დახმარების, რომელიც ერთ დღეს შეიძლება, სრულად შეწყდეს” – ნათქვამია რამდენიმე დღის წინ აფხაზ ჟურნალისტ მირა ამიჩბას მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

რიგი აფხაზი ბიზნესმენების ხსენებული იდეა ეფუძნება საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში წარმოდგენილ სამშვიდობო ინიციატივათა პაკეტს «ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ» (იგი დეტალურადაა მოცემული საქართველოს სამთავრობო ვებ-გვერდზე). საუბარია, კერძოდ, ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით საზღვრების გასწვრივ ვაჭრობის გამარტივებასა და გაფართოებაზე. ამ კონტექსტში გათვალისწინებულია გამყოფი ხაზების კვეთა, ინდივიდუალური და ერთობლივი ბიზნეს-ინიციატივების მხარდაჭერა, აფხაზური და ოსური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი. თბილისმა 8 საკანონმდებლო აქტში, მათ შორის «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» კანონში შესაბამისი ცვლილებებიც შეიტანა. მოგვიანებით კი ამ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა და საქართველოს ხელისუფლებას მის რეალიზებაში სრული თანადგომა აღუთქვა ევროკავშირმაც. თუმცა სოხუმმა მაშინ უარი განაცხადა, კრემლს დაქვემდებარებული მედია კი სიამოვნებით წერდა, რომ “სოხუმმა ქართულ ინიციატივას დასცინა”.

“აქცენტი” დაინტერესდა, ძალაშია თუ არა, სოხუმის უარისა და კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ქართული სამშვიდობო ინიციატივების 2018 წლის პაკეტი და ხომ არ განუცდია მას რაიმე ცვლილება. გაირკვა, რომ ყველაფერი ძალაშია და უცვლელი პირობებით.

„მივესალმებით აფხაზეთში მცხოვრები მეწარმეების მხრიდან უკვე ღიად გამოთქმულ ინტერესს, ჩაერთონ სავაჭრო ურთიერთობებში. ჩვენი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ორიენტირებულია მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მშვიდობაზე, განვითარებასა და არსებული გამოწვევების დაძლევაზე, არის აპოლიტიკური და უალტერნატივო გზა იმისთვის, რათა გაღრმავდეს ხალხთაშორისი ურთიერთობები, აღდგეს ნდობა და, რაც მთავარია, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ყოფა გაუმჯობესდეს. კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის ფონზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული სიკეთეებით სარგებლობა. სავაჭრო ურთიერთობების განვითარება არის საუკეთესო გზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობის მხარდასაჭერად. ჩვენ უკვე ავამოქმედეთ ერთი მექანიზმი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ძალიან ბევრი მეწარმის მხრიდან გამოითქვა სურვილი, პროექტებში ჩართულიყვნენ და მიეღოთ გრანტები წარმოების დაწყებისა თუ ბიზნესის განვითარებისთვის. დაგეგმილია მეორე ფინანსური მექანიზმის უახლოეს მომავალში ამოქმედება, ეს არის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. ჰუმანიტარული პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს ხელისუფლება მუდამ ღიაა კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის. წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც ჩვენ ვაპირებთ და არაერთხელ გამოგვითქვამს მზადყოფნა აფხაზურ საზოგადოებასთან ურთიერთობის გაფართოებისთვის, მათ შორის - სტატუს-ნეიტრალური სამშვიდობო ინციატივებით. ჩვენ ერთგული ვრჩებით სამშვიდობო პოლიტიკის. საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით კონკრეტულ ძალისხმევას გააგრძელებს და პრაგმატულ ნაბიჯებს კვლავაც გადადგამს“ – აცხადებენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

აქ ალბათ, უპრიანი იქნება, გავიხსენოთ საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ამასწინანდელი მოხსენებაც. მასში აღნიშნული იყო, რომ აფხაზეთმა, ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, შეძლო, პოლიტიკური საკითხები გვერდზე გაეწია, დროულად ჩამოეყალიბებინა აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოსახლეობის კორონავირუსული საფრთხისგან დასაცავად და რომ ამ მხრივ აფხაზეთი ძალზე წარმატებული მაგალითია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

"ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მოახერხა, ჩამოეყალიბებინა თანამშრომლობა ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელი იყო, განურჩევლად იმისა, სად მდებარეობდა ამ ორგანიზაციების წარმომადგენლობები – თბილისში თუ უცხოეთში, საიდან ჩადიოდნენ ისინი და რა სტატუსით. […] ეს, უპირველესად, მოსახლეობის დასახმარებლად გაკეთდა. […] სოხუმი რომ გაჯიუტებულიყო და გარკვეული პირობების წამოყენება დაეწყო, მაღალი ალბათობით, დღეს დაცვის ელემენტარული საშუალებები არ ექნებოდა, მედიკოსებიც დაინფიცირდებოდნენ და უკვე ორიოდ კვირაში აფხაზეთი ექიმების გარეშე დარჩებოდა... საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თბილისთან, მოსკოვთან კოოპერაციის თვალსაზრისით, აფხაზეთი მაგალითია ყველასთვის” – განაცხადა საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსმა ოლესია ვართანიანმა.

ამასთან, საერთაშორისო ჯგუფის ერთ-ერთი რეკომენდაცია მხარეებისადმი სწორედ ხელსაყრელი მომენტის გამოყენებასა და სავაჭრო სფეროში თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს:

“აფხაზეთს ფულის ძალზე სერიოზული პრობლემა შეექმნა, ვინაიდან მთელი გასული წლის განმავლობაში რეგიონი პოლიტიკურ ტურბულენტობაში იმყოფებოდა (იყო სამი კენჭისყრა) და სადღეისოდ ხაზინა ცარიელია. კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში შესვლისას ნათელი გახდა, რომ წელს აფხაზეთში სერიოზული პრობლემები იქნებოდა ტურისტული ბიზნესის კუთხითაც. საქართველოს ხელისუფლებას კი დაწესებული აქვს გარკვეული შეზღუდვები დე ფაქტო ხელისუფლებებთან საერთაშორისო ფინანსური სტრუქტურების კონტაქტისა და ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით. იყო ამაზე მსჯელობის და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილებების მოძიების მცდელობები, თუმცა ახლა ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ კოოპერაციაზე ვაჭრობის კუთხით. ახლა ამისთვის ძალზე ხელსაყრელი მომენტია და ეს უნიკალური შანსი ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული”.

_____________________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში გამოიყენება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას

_____________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია ახალი ამბების სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ჩეხეთის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები