
პროკურატურა შსს-სგან შაქარაშვილის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მოითხოვს
08/07/2020 10:23:07 სამართალი
პროკურატურამ 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შსს–ს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით მიმართა.
ძალოვან უწყებას სამინისტროსთან 21 მითითება აქვს, მათ შორის არის მოწმეების ხელახლა დაკითხვა და მტკიცებულებების ხელახლა მოპოვება.
მითითებების შესასრულებლად სამინისტროს 10-დღიანი ვადა აქვს, დოკუმენტი კი 2 ივლისით არის დათარიღებული.
„პროკურატურამ წერილობითი მითითება გაუგზავნა შსს-ს. იქ დეტალურადაა გაწერილი ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც შსს-მ უნდა შეასრულოს. ამ მითითებიდან გამომდინარე თამამად შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ფაქტიურად შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერი გაუკეთებია: ყველა ის პირი, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ზის და არის პატიმრობაში, რომელიც მცხეთის რაიონულმა სასმართლომ შეუფარდა. რაც შეეხება იმ საგამოძიებო მოქმედებას, სადაც პირდაპირ უთითებს პროკურატურა, რომ ამირხანაშვილმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამოცნობაში და ამოიცნოს არასრულწლოვანი, რომელიც იჯდა „ტოიოტაში“, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, გატაცებულ პირს არ ყავს ამოცნობილი გამტაცებელი ამ შემთხვევაში და მას ბრალად შერაცხეს ის მძიმე ქმედება, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთაა. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი 12 ტომიან მასალაში აბსოლუტურად არაფერი არ არის გაკეთებული იმ გაგებით, რომლის საფუძველზე შესაძლებელია, პირის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“, – ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.
გიორგი გელხაურის თქმით, საქმეში მოწმეთა ჩვენებები გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს:
„საწყენია, რომ საქმეში გურამ ამირხანაშვილის ოთხი სხვადასხვა ჩვენება დევს და ის ამ სისხლის სამართლის საქმეში კეთილსინდისიერ მოწმედ არ გვევლინება. სამწუხაროა, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. სამწუხაროა, როდესაც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილმა ჩამოიყვანა დიდუბეში, ის არ წავიდა სახლში და შემდგომ გააგრძელა შეხვედრები. მე ეს არ მიკვირს, რადგან მან არა ერთხელ შეცვალა ჩვენება და როგორ ჩანს, ამირხანაშვილი არის ერთადერთი უახლოესი მეგობარი შაქარაშვილის, რომელიც არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. კითხვებს ბადებს, თუ რამ გამოიწვია ჩვენების ოთხჯერ შეცვლა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა გარემოება, რომელიც უკავშირდება ამირხანაშვილს“.
ადვოკატი ირწმუნება, რომ გამოძიება ხარვეზებით მიმდინარეობს და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქმეში მონაწილე პირების მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნაწილი წაშლილია, ასევე დამწვარია შემტხვევის ადგილი:
„რადგან დაკავებულია 17 პირი, არ ნიშნავს, რომ ეს პირები მონაწილეობდნენ შაქარაშვლის გარდაცვალებაში. გამოძიება ხარვეზით მიმდინარეობს და არასრულყოფილია. ის, რომ გამოძიებამ ახვლედიანს კიხთვაც კი არ დაუსვა, რას აკეთებდა ოთხ საათამდე მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ესეც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. კითხვას აჩენს ის გარემოებაც, რომ ამ პირების მოკლეტექსტური შეტყობინებები არ იძებნება. ახლა რომ მიხვალთ შემთხვევის ადგილზე, ნახავთ, რომ ეს ადგილი არის დაცული და შემოღობილია ლენტით, სამწუხაროდ ეს ის მომენტია, როდესაც ადგილს დაცვა აღარ სჭირდება: ეს ადგილი დაცული უნდა ყოფილიყო იმ დროიდან, როდესაც იქ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ნაპოვნი იყო ამირხანაშვილი“, – დასძინა გიორგი გელხაურმა.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.