მინისტრი განმარტავს, რა პრინციპით შეირჩა ხუთი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი
08/07/2020 10:40:39 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 5 ქვეყანას შორის საფრანგეთის ჩასმა განაპირობა იმან, თუ როგორ მართავს ქვეყანა ვირუსს. ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ მოხვდა სიაში საფრანგეთი, სადაც რთული ვითარებაა და რატომ ვერ მოხვდა ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანა.
„ვინაიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განისაზღვრება არამხოლოდ იმ პერიოდში არსებული მდგომარეობით, როდესაც ფიქსირდებოდა აღმავალი ინფექცია, არამედ როგორ მართავს ქვეყანა ვირუსს დღესდღეობით და როგორია ამ ქვეყანაში 100 000 სულ მოსახლეზე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, ეს გვაძლევდა ჩვენ იმის საშუალებას, რომ საფრანგეთი ჩაგვესვა უპირობოდ შემომსვლელთა სიაში", - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, საზღვრის უპირობოდ გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება.
მინისტრმა იმაზეც ისაუბრა, რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს რეგულაციები:
„ჩვენ გვაქვს გარკეული შუქნიშანი, სადაც არის მოცემული სამი კომპონენტი: ქვეყანაში საწოლების რაოდენობა და მათი დატვირთვა, ინფექციის გავრცელების კოეფიტიენტი და ასევე ბოლო ორი კვირის მანძილზე დაფიქსირებული გავრცელება ქვეყანაში. ვაკვირდებით ამ შუქნიშანს და იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმდება, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომ შევზღუდოთ გარკვეული ფრენები და ასევე შიდა რეგულაციებიც გავამკაცროთ".
ცნობისთვის: საქართველო ხუთ ქვეყანასთან საზღვრებს უპირობოდ ხსნის.
იხილეთ ასევე: როგორი ეპიდვითარებაა ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველო საზღვრებს უპირობოდ ხსნის


