Accentnews.ge
შესაძლოა, ორ კვირაში გაფართოვდეს ქვეყნების სია, რომლებსაც საქართველო საზღვრებს გაუხსნის

შესაძლოა, ორ კვირაში გაფართოვდეს ქვეყნების სია, რომლებსაც საქართველო საზღვრებს გაუხსნის

08/07/2020 11:14:40 ეკონომიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ ორ კვირაში გაფართოვდეს ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველო საზღვრებს გახსნის.

ინფორმაციისთვის: ამ ეტაპზე ქვეყანა საზრვრებს უპირობოდ მხოლოდ 5 ქვეყანასთან ხსნის. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

„დანარჩენ ქვეყნებშიც, რომლებმაც მიიღეს საქართველოსთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება, არის გარკვეული დათქმები და წინაპირობები. მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა გვიწესებს 14-დღიან კარანტინს, ასევე თვითიზოლაციას. მსგავსი მიდგომები გვაქვს ჩვენ ამ ქვეყნებთან მიმართებაშიც. არიან გარკვეული ქვეყნები, რომლებმაც საერთოდ არ მიიღეს ის სარეკომენდაციო სია, რომელიც ევროკავშირის საბჭომ ივნისის ბოლოს გადაწყვიტა. ჩვენი მიდგომაც სარკისებრია და ვიმოქმედებთ შესაბამისად ყველა ამ ქვეყანასთან მიმართებით. არ არის გამორიცხული, ორი კვირის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიხედოს ეს სია, გაფართოების კუთხით, რადგანაც მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ყველა წევრ ქვეყანასთან იმისთვის, რომ ორმხრივად მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

რეკომენდაციები მაგალითად არ გაითვალისწინა ავსტრიამ, დანიამ, ბულგარეთმა. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან, გადაწყვეტილებები კი ეტაპობრივად მიიღება. ეს იქნება ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან – ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იცვლება სურათი“, – აცხადებს ზალკალიანი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ​ფრენებთან დაკავშირებით უკვე კომუნიკაციაში არის ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის ავიაკომპანიებთან:

„ფრენები დღეიდან შეიძლება, თუკი პირდაპირი რეისები არის. მაგალითად, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბალტიისპირეთიდან საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებიდან, ეს შეიძლება იყოს ამსტერდამიდან, ვენის რეისით, ანუ დღეს არსებული რეისებით შეუძლიათ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ისარგებლონ.

რაც შეეხება ჩარტერულ, კომერციულ ფრენებს, რომლებსაც ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ ასრულებს, ეს მიმართულებები განსაზღვრულია და ჩვეულებრივად გაგრძელდება. ამას ემატება ის მიმართულებები, საიდანაც ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ფრენების რეჟიმში ჩვენი მოქალაქეების გამოყვანას. ეს იქნება ვარშავა ათენი, რომი და ბარსელონა. ეს არ იქნება მხოლოდ ივლისში, გავაგრძელებთ აგვისტოში და სექტემბერშიც“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S