
შაქარაშვილის საქმე – გამოძიება "კაწროთი" დაინტერესდა
08/07/2020 13:17:38 სამართალი
19 წლის ფეხბურთელის საქმის ფარგლებში გამოძიება ავთანდილ ბილანიშვილით, მეტსახელად „კაწროთი“ დაინტერესდა. „აქცენტის“ ინფორმაციით, ის გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. იგი გამოკითხვაზე დაბარებულია მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე", – განუცხადეს "აქცენტს" შსს–ში.
როგორც ცნობილია, მედიამ მოიპოვა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რომელზეც სავარაუდოდ, სწორედ ბილანიშვილისა და გურამ ამირხანაშვილის დაახლოებით, 4–წუთიანი შეხვედრაა ასახული. შეხვედრა დიდუბის სადგურში, ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ შედგა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიდან მომავალმა მანქანამ დატოვა.
საქმის ფარგლებში დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ეპიზოდზე ამირხანაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ოთხ ჩვენებაში არ საუბრობს. ამასთან, როგორც ადვოკატი ირწმუნება, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავთანდილ ბილანიშვილთან, იგივე "კაწროსთან" ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"კაწრო" ვინ არის, საერთოდ არ ვიცი და რა შემხებლობა აქვს საქმესთან, ესეც არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ამ ადამიანთან არანაირი შემხებლობა და ურთიერთობა არ აქვთ. რაც შეეხება დიდუბეში განვითარებულ მოვლენებს, მას შემდეგ, რაც ამირხანაშვილს
ჩამოსვამენ, მასთან მიდის კონკრეტული პიროვნება, თუ ვინ არის ეს პიროვნება, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე დანამდვილებით შემიძლია გნავაცხადო, რა ინფორმაციასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მაწვდიან - მათ არანაირი კაშირი არ ჰქონიათ ამ ადამიანთან. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გურამ ამირხანაშვილი ჩამოსვეს იმ ადგილას, სადაც მას ამირხანაშვილმა უთხრა. თითქოს, ის, რომ განზრახ ჩამოსვეს კამერებთან, მერე განზრახ შეხვდა ვიღაცას, ვარაუდია... ამირხანაშვილის 4 გამოკითხვის ოქმია, ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც დიდუბეში დატოვეს, ის კერძო ტაქსიში განთავსდა და იქიდან განახორციელა კონკრეტულ პიროვნებებთან ზარი. ამ ნაწილში შესაძლოა, ის ცრუ ჩვენებას არ იძლევა, რადგან შესაძლოა, მართლა ჩაჯდა ტაქსიში და ამით გადაადგილდა. აქ მთავარი ისაა, თუ როდის წავიდა ტაქსით, მანამდე შეხვდა ვინმეს, თუ შემდეგ. კითხვები ამირხანაშვილთან უნდა დაისვას, მათ შორის, თუ ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია", - აცხადებს მამულაშვილი.
„კაწროსთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა მისმა მეუღლემ:
„ჟურნალისტიკის არსი ფაქტის გამოვლენა და ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა, მაგრამ რა ჟურნალისტიკაზე და გადამოწმებაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საქმე “მთავარ არხს” და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ეხება. ჟურნალისტებსაც არ ვუწოდებ მათ, ვინაიდან არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ამ პროფესიის ღირსეულ წარმომადგენლებს, ვინც მართლა სიმართლეს ემსახურება და არა სიცრუის და ჭორების გავრცელებას. უკვე ერთ კვირაზე მეტია “მთავარი არხის” მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ. ყოველგვარი მტკიცებულების და დასაბუთების გარეშე ისინი ცდილობენ დაუკავშირონ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგედიას, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო. და აი, ამ ამბავს რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებ, აქ უკვე ამ არხის თანამშრომლებს ადამიანებსაც ვეღარ ვუწოდებ. ჩემი მეუღლე იმიტომ შეიძლება იყოს დაკავშირებული თურმე ამ ამბავთან, რომ ცხოვრობს “ნახალოვკაში”, ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს ავთო ბილანიშვილთან. ალბათ ხვდებით, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს არხი ყოველდღიურად არაერთ ადამიანს აზარალებს ჩემი ოჯახის მსგავსად. ამაში ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მათი დეზინფორმაცია ჩვენც შეგვეხო. ადვილია იმის თქმა, – “შენ ხო იცი მაგათ არავინ არ უყურებს”, ყველამ იცის ესენი რომ მატყუარები არიან” “მაგათ არაფერი დაეჯერებათ” და აშ. მაგრამ მე მყავს ოჯახში მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მისვამს კითხვებს და ავადმყოფი დედამთილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ადამიანი რამდენიმე დღე ლოგინად იყო ჩავარდნილი. არავინ ფიქრობს ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება მოყვეს! მთავარის მთავარი არსი ხომ სწორედ იმაშია, რომ შექმნას ტყუილი, ამ ტყუილით მოახდინოს მოკლე და იაფფასიანი ეფექტი საკუთარ მიმდევრებზე, რომ შემდგომ მათ მეთაურს ქონდეს ჭორაობის, ლანძღვის და გინების საფუძველი გადაცემებში”.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.