
ზატულინი: “პრილეპინის გეგმამ აფხაზეთი სერიოზულად შეაშფოთა”
09/07/2020 09:11:11 კონფლიქტები
რუსეთში, ცენტრალურ ტელეარხ «Россия»-ს ეთერში ოკუპირებული რეგიონების მიერთების ინიციატივაზე იმსჯელეს. ტელეგადაცემის სტუმარმა - სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ “ამ კუთხით ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს” და აღნიშნა, რომ ამ იდეის ერთ-ერთი ავტორის – პარტიის “სიმართლისთვის” ლიდერის, მწერალ პრილეპინის ინიციატივამ აფხაზეთი “სერიოზულად შეაშფოთა”.
«რა საჭირო იყო ამის თქმა, არ მესმის?! აფხაზები სერიოზულად არიან შეშფოთებულები… ძვირფასო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი აზრი და მისი ქონის უფლება. არც პრილეპინისა და სხვების პოლიტიკური საქმიანობის ეკზისტენციურ უფლებაში შემაქვს ეჭვი – ღმერთმა წარმატება მისცეთ! მაგრამ თუ შეიძლება, მოდით, გავარჩიოთ “სურვილობია” შესაძლებლობებისგან - ეს ძალზე მნიშვნელოვანია რეალური პოლიტიკისთვის” – განაცხადა ტელეეთერში ზატულინმა.
რუსული პარტიის “სიმართლისთვის” ლიდერი, მწერალი ზახარ პრილეპინი “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაუყოვნებლივი მიერთების” ინიციატივით გამოდის. ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება პარტიის საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ პუნქტად ჩაიწერა.
გარდა ამისა, პარტიის საიტზე გამოქვეყნებულ პროგრამაში ფიგურირებს უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების – “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების”, ასევე დნესტრისპირეთის “დაუყოვლებლივი მიერთება”, რისთვისაც ასევე რეფერენდუმის ჩატარებაა შეთავაზებული.
პარტია უფრო შორსაც მიდის და გამოდის ინიციატივით, რუსეთის კონსტიტუციაში ჩაიწეროს ნორმა, რომელიც სახელმწიფოს ნებისმიერი ტერიტორიის მიერთების უფლებას მისცემს, რომლის მაცხოვრებლების 75% ამას დაუჭერს მხარს.
გარდა ამისა, პარტია “რუსეთ-ბელარუსის სრულყოფილი სამოკავშირეო სახელმწიფოს ჩამოყალიბების” მომხრეა.
- ზახარ პრილეპინი უკრაინის აღმოსავლეთში გამართული საბრძოლო მოქმედებების მონაწილეა, 2018 წლის ივლისამდე სეპარატისტების არმიის ერთ-ერთი ბატალიონის ხელმძღვანელის მოადგლე გახლდათ. პარტია მან 2020 წლის 1 თებერვალს დააფუძნა.
- 2020 წლის სექტემბერში პარტია საკანონმდებლო კრების არჩევნებში 11 რეგიონში გეგმავს მონაწილეობას, მომავალი წლისთვის კი აპირებს, ყველა საარჩევნო პროცესში, მათ შორის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ჩაერთოს.