
მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე მაქსიმუმ 261 000 ევროს დახარჯავს
09/07/2020 16:00:50 საშინაო პოლიტიკა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის, ჯამურად მაქსიმუმ 261 000 ევრო (ეკვივალენტი ლარში) დაიხარჯება. ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
„სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების პროგრამული კოდის: 24 25 – „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება“ ფარგლებში. აღნიშნული ნაწილობრივი სუბსიდირების თანხის ოდენობა მცირდება შესაბამისი ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ჯამის ოდენობით”, – აღნიშნულია განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ ივლისში სპეცრეისებს ავიაკომპანიები – „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ. მიმდინარე თვეში სულ ხუთი ასეთი რეისია ჩანიშნული: 13 ივლისი – ვარშავა; 15 ივლისი – ბარსელონა; 17 ივლისი – რომი; 22 ივლისი – პარიზი; 28 ივლისი – ათენი. თუმცა, როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, სპეცრეისები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
ე.წ სოციალურ რეისებზე მგზავრობის საფასური 200 ევროს არ აღემატება.