
აფხაზი ჟურნალისტი: IFJ-მ “აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირი” თავის რიგებში მიიღო
10/07/2020 07:53:17 კონფლიქტები
აფხაზ ჟურნალისტ ზურაბ არგუნის ცნობით, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) აღმასკომმა 9 ივლისს ერთხმად დაუჭირა მხარი “აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის” თავის რიგებში მიღებას.
როგორც არგუნი ირწმუნება, ამის შესახებ “აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის” თავმდჯმოარეს რუსლან ხაშიგს IFJ-ს ვიცე-პრეზიდენტმა თემურ შაფირმა აცნობა.
“ეს არაჩვეულებრივი სიახლეა! IFJ მედიის პროფესიული მუშაკების მსოფლიოში უმსხვილესი ორგანიზაციაა. მისი შტაბ-ბინა ბრიუსელში მდებარეობს, აქვს საკონსულტაციო სტატუსი ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორებიცაა გაერო, UNESCO, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო ასოციაცია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტი და სხვა... ჯერ კიდევ 1926 წელს დაფუძნებული ეს ორგანიზაცია 139 ქვეყნის 600 ათასამდე ჟურნალისტს აერთიანებს. IFJ იცავს ჩვენს სოციალურ და პროფესიულ უფლებებს და ღიაა ეროვნული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მედიის მუშაკებს წარმოადგენენ და მათ ინტერესებს იცავენ. ამასთან, IFJ-ს ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ შეუერთდება, თუკი ის არ იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის თავისუფლების პრინციპებს” – წერს ზურაბ არგუნი სოციალურ ქსელში.
მისივე განმარტებით, IFJ-ს წევრობის ორი კატეგორია აქვს: სრული წევრობა ენიჭებათ ჟურნალისტთა პროფკავშირებს, ასოციატიური კი – ორგანიზაციებს, რომლებიც პროფკავშირებივით არ მოქმედებენ, თუმცა ასევე იცავენ ჟურნალისტთა პროფესიულ ინტერესებს.
“IFJ-ს წევრობა გვიხსნის წვდომას IFJ Press ბარათზე და IFJ-ს რეგიონულ ქსელზე, ასევე უსაფრთხოების საერთაშორისო ფონდზე, რომელიც ჟურნალისტებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. IFJ-ს საერთაშორისო პრეს-ბარათი პროფესიული იდენტიფიცირების მთელს მსოფლიოში ცნობადი, აღიარებული საშუალებაა და 130-ზე მეტ ქვეყანაში ჟურნალისტთა ეროვნული ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი ერთადერთი ასეთი ბარათია” – წერს არგუნი.