
დამოუკიდებელი ექსპერტი: „მუშტის დარტყმით, წყალში საგნებზე შეჯახებით ეს დაზოიანებები ვერ განვითარდებოდა"
10/07/2020 10:50:45 სამართალი
გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მიერ საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას არ უცხადებს. საუბარია შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზებზე.
მისი თქმით, ცალსახაა, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია, განვითარებული წყალში დახრჩობით.
რაც შეეხება ალკოჰოლური თრობის ქვეშ შესაძლო ყოფნას, ექსპერტი ამბობს, რომ როგორც კვლევამ აჩვენა, „თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა სიკვდილის დროს“.
უშუალოდ ცხედარზე აღმოჩენილ სიცოცხლისდროინდელ დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტი ამბობს, რომ მუცლისა და წელის არეში საკმაო ძალის ზემოქმედების ნიშანია:
„მუშტის დარტყმით ის ვერ განვითარდებოდა, მას საკმაო ძალის ზემოქმედება სჭირდებოდა [...]. ეს დაზიანებები წყალში გადაადგილებით და საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა“.
მისივე თქმით, „ცხედარს გარეგანი დათვალიერებით ჰქონდა საკმაოდ ბევრი დაზიანება, ძირითადი კონცენტრირებული სახის, მენჯის, მუცლის მიდამოებში. სახის არეში საკმაოდ სიძლიერის ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი მატრავმირებელი ფაქტორის თვალსაზრისით“
შესაბამის კითხვაზე ექსპერტმა უპასუხა, რომ თუ შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანებები ცემის შედეგად მიიღო, ნაკლებ სავარაუდოა, დაზიანებების მიმყენებელი ერთი ყოფილიყო.
ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ მიყენებული დაზიანებების პირობებში, ადამიანი გადაადგილებას შეძლებდა.
რაც შეეხება საკითხს, რა სახის საგნებით და რა გარემოში იქნა მიყენებული, ექსპერტი ამბობს, რომ გამოძიება მაღალი ალბათობით, დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას და მივა კონკრეტულ ვერსიამდე.
„გადავარდა თუ გადააგდეს, სამართლებრივი შეფასების საგანია და ეს არ ეხება ექსპერტიზას“,– დასძინა გეჯაძემ.
ცნობისთვის: პროკურატურამ შაქარაშვილის ეპიზოდში კვალიფიკაცია შეცვალა.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.