Accentnews.ge
შაქარაშვილის ოჯახი „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების პასუხისგებაში მკვლელობის მუხლით მიცემას მოითხოვს

შაქარაშვილის ოჯახი „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების პასუხისგებაში მკვლელობის მუხლით მიცემას მოითხოვს

10/07/2020 13:00:09 სამართალი

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, რომ ახალგაზრდა ჯერ მოკლეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს. ოჯახის პოზიცია საზოგადოებას შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ გააცნო. დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ მან დააზუსტა, რომ ახალგაზრდაზე ჯერ იძალადეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

„ექსპერტიზით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს და შემდეგ ის მდინარე არაგვში გადააგდეს. ყველა, დაახლოებით, 12 დაზიანება ბავშვს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიყენებული, რაც უტყუაროდ ადასტურებს, რომ ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რასაც შემდეგ მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. წარმოუდგენელია, ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები ადამიანს სირბილის, წაქცევის, ჩაცურების დროს მიადგეს: დაზიანებები ყველგანაა. დღეიდან ოჯახს შსს–ს და გენერალური პროკურატურის წინაშე კატეგორიული პოზიცია ექნება, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გამო. ეს კვალიფიკაცია, რომელიც უკვე შემოგვთავაზა პროკურატურამ, სწორია, თუმცა ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას ამ მუხლით და ველოდებით, როდის იქნება წარდგენილი ბრალდება და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის მკვლელობის გამო“,– განაცხადა ნიკოლაძემ ბრიფინგზე.

ნიკოლაძე ამბობს, რომ ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით"

მისი თქმით, ბრალის წარდგენა გამოძიების ვადაში, დაახლოებით ორ კვირაში უნდა მოხდეს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. სწორედ ამ პირების პასუხისმგებაში მიცემას ითხოვს ოჯახი,.

10 ივლისს გამოქვეყნდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, პროკურატურამ კი შაქარაშვილის ეპიზოდი ჯგუფურად განზრახ მკვლელობად სეაფასა, თუმცა ამ დროისთვის ბრალი არავის აქვს წაყენებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S