შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი: „ეს საქმე სამართლებრივად განწირულია“

10-07-2020 19:14:16 სამართალი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, „საქმე სამართლებრივად განწირულია“.

„რაც ამ შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახს სურს, არ დადგინდება; დიდი ალბათობით, სხვა პირების მიმართ ბრალეულობა, სამწუხაროდ, ვერ გამოიკვეთება, იმიტომ, რომ მთელი რიგი პროცესუალური საკითხები საგამოძიებო ეტაპზე დაგვიანებულია“,– განმარტა საკუთარი პოზიცია ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

როგორც ადვოკატი ამბობს, მან არ იცის, რითაა განპირობებული შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია, რომ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები პასუხისგებაში განზრახ მკვლელობისთვის უნდა მიეცნენ.

ადვოკატი მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, „ისედაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული და კვლავ არ დაუშვან“.

„მოვისმინე მირიან ნიკოლაძის, ანუ დაზარალებულის ოჯახის პოზიცია, რომელსაც ასე შევაფასებ - ეს იყო უფრო ემოციურად შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი ახალი გარემოება იმ მხრივ, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა სხვა ბრალით ედავოს. აღნიშნული ექსპერტიზის თანახმად სამართლებრივად წარმოუდგენელია, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს, იმიტომ, რომ უნდა დადგინდეს შემხებლობა - გიორგი შაქარაშვილთან ჰქონდა თუ არა ვინეს უშუალო კონტაქტი, ფიზიკურ კონტაქტს ვგულისხმობ. ამ ეტაპზე ასეთი რამ არ გვაქვს. დასადასტურებელია, ვინ მისდევდა და ვინ - არა [შაქარაშვილს]. ასევ დასადასტურებელია ის ფაქტი,“ ტოიოტა ქამრი“ რომ მოდის, იქ იმყოფებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი, ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი გარემოებებია. ასევე უმნიშვნელოვანესია დადასტურდეს შემხებლობა. თუ გავყვებით ვერსიას, რომ შაქარაშვილს ვიღაც მისდევდა, უნდა დადასტურდეს დაეწია თუ არა, იმისათვის, რომ შემდეგ დადგინდეს შაქარაშვილთან შემხებლობა. ამიტომ, ამ ყველაფერზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს“,– განაცხადა ადვოკატმა.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. სწორედ ამ პირების პასუხისმგებაში მიცემას ითხოვს ოჯახი,.

10 ივლისს გამოქვეყნდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, პროკურატურამ კი შაქარაშვილის ეპიზოდი ჯგუფურად განზრახ მკვლელობად სეაფასა, თუმცა ამ დროისთვის ბრალი არავის აქვს წაყენებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები