შაქარაშვილის ბიძა: „ვინ და რამდენი მიჰყვა, ვიცი და ციხიდან რომ არ გამოვახედებ, ისიც“

10-07-2020 20:57:54 სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, რომელთა პასუხისგებაში მიცემას ოჯახი მკვლელობის მუხლით ითხოვს, რამდენიმე ნაწილად გაიყვნენ ავტომაგისტრალზე: ნაწილი დარჩა შაქარაშვილის მეგობართან გივი ამირხანაშვილთან, ნაწილი კი შაქარაშვილს დაედევნა.

„ერთია ზოგადად რამდენი ადამიანი მისდევდა მათ და მეორე – რამდენი მიჰყვა გიორგის [შაქარაშვილის]. ვინც მიყვა ისიც ვიცი, რამდნი გაყვა – ისიც და ციხიდან რომ არ გამოვახედებ, ისიც ვიცი. ყველაფერს გაიგებთ“,– განაცხადა შაქარაშვილის ბიძამ „ტვ პირველის“ ეთერში და დასძინა, რომ ახალგაზრდას რამოდენიმე პირი მიჰყვა, თუმცა ზუსტ ციფრს ამ ეტაპზე არ ასახელებს:

„ამირხანაშვილთან რაღაც ნაწილი დარჩა, რაღაც ნაწილი კი გიორგის მიმართულებით გაიქცა“.

რაც შეეხება მოტივს, ნიკოლაძიდ თქმით, რამდენიმე მოტივი განიხილება – სტანდარტული და არასტანდარტული.

შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ გამოძიება კიდევ რამდენიმე ექსპერტიზის პასუხს ელოდება და მხოლოდ მოწმეების ჩვენებაზე არაა დამოკიდებული და მან მოწმეებს მიმართა, რომ ნუ ექნებათ იმედი, მათი დუმილით საქმე არ გაიხსნება.

მას საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებზეც ჰკითხეს, რაზეც შაქარაშვილის ბიძამ უპასუხა: "ყველაზე მეტად დაზარალებული ვინცაა, ის დღეს სახეზე არაა და მე ვხედავ, რომ მას დღეს გვერდში არავინ უნდგას".

რაც შეეხება შემთხვევის ადგლზე ნაპოვნ ჩანთას, რომელიც შაქარაშვილს ეკუთვნოდა, ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სამი ვერსია მაქვს, "ვინ შემოდო ჩანთა იქ".

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. სწორედ ამ პირების პასუხისმგებაში მიცემას ითხოვს ოჯახი,.

10 ივლისს გამოქვეყნდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, პროკურატურამ კი შაქარაშვილის ეპიზოდი ჯგუფურად განზრახ მკვლელობად შეაფასა, თუმცა ამ დროისთვის ბრალი არავის აქვს წაყენებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები