
ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დაჭრეს
12/07/2020 09:45:05 კონფლიქტები
კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის სტეფანე მესროფაშვილის ინფორმაციით, დაკავებული გახელაძე, რომელსაც ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება, ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს.
"სოფელში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. მონიტორები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზეც - სხვილოს ციხის სიახლოვეს, სადაც ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, გახელაძე, რომელსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ევროკავშირის მისიის წევრები დაკავებულის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ, ასევე, ოჯახს დაუკავშირდნენ ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებიც“, - აღნიშნა მერის წარმომადგენელმა.
33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ქვედა კიდურის არეში დაიჭრა.