
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლების განახლების შესახებ იუწყება
13/07/2020 07:42:28 კავკასია
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეპანიანი იუწყება, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები კვლავ განახლდა.
„ორი-სამი საათიანი სიმშვიდის შემდეგ, დილით პროვოკაციული ქმედებები ისევ განახლდა: დაიწყო სროლა სომხეთის სამხედრო ძალების საგუშაგოების მიმართულებით. ჩვენმა სამხედრო ძალებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინეს. არ არის გამორიცხული, მოწინააღმდეგე მხარეს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს“, – წერს სტეპანიანი სოციალურ ქსელში.
მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სროლისას ორი სომეხი პოლიციელი დაიჭრა.
შეიარაღებულ ინციდენტზე მთავრობის საგანგებო სხდომაზე ისაუბრა სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.
მისი თქმით, საზღვარზე ვითარების გამწვავებით აზერბაიჯანი ცდილობს, შიდა პრობლემები მეორე პლანზე გადაიტანოს.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციულ ქმედებებს მკაცრად გმობს“ და აღნიშნა, რომ დილიდან ისევ განახლდა სროლები.
პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება ასევე გამოხატა რეგიონის არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომაზე.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.
მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.