
ოჯახში მოძალადეებს ელექტრონულად გააკონტროლებენ
13/07/2020 12:50:08 სამართალი
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა განხორცილდება.
კანონპროექტის თანახმად, ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილი იქნება მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციელი ახორციელებს შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე.
ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მათ შორის, წარსულში მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მიერ მუქარის ან/და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები.
ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე ნებისმიერ დროს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.
ოქმით გათვალისწინებული მოძალადისთვის აკრძალული ადგილების გარდა, ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი მიახლოებისას, სსიპ „112“-ის მოსამსახურე უფლებამოსილია დაუკავშირდეს მსხვერპლს/მოძალადეს და მოსთხოვოს ტერიტორიის დატოვება მათი შემთხვევითი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. თუ მოძალადე ან/და მსხვერპლი რაიმე მიზეზის გამო ხელს არ ან ვერ აწერს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ოქმს, მას ხელს აწერს მხოლოდ მისი გამოცემის უფლებამოსილების მქონე პირი. ამ შემთხვევაში ელექტრონული ზედამხედველობის ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი და მიეთითება მოძალადის ან/და მსხვერპლის მიერ ხელმოწერის შეუძლებლობის/ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად, მსხვერპლისთვის შესაბამისი ტექნიკური საშუალების გადასაცემად, ხოლო მოძალადისთვის შესაბამისი ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად, პოლიცია უფლებამოსილია მსხვერპლი/მოძალადე გადაიყვანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის განხორციელება ადგილზე შეუძლებელია.
ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის განმეორებით მიღებული გაფრთხილების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.