
„საჭიროა, საზოგადოება ერთმანეთთან შევიდეს დიალოგებში და არა დაპირისპირებაში“
19/06/2019 16:27:27 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიენება და აცხადებს, რომ „საჭიროა, საზოგადოება ერთმანეთთან შევიდეს დიალოგებში და არა – დაპირისპირებაში“
ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
“გამომდინარე ჩვენი ბოლო პერიოდის ისტორიიდან, არასდროს გვიჭირდა არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით ნაბიჯების გადადგმა ერთმანეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, უნდა ვუფრთხოდეთ ამ შემთხვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ მაღალ ტემპერატურას აღწევს. უნდა ვეცადოთ, კატასტროფული დარტყმა არ მივაყენოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს და ჩვენს სამშობლოს. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორია, რატომღაც, იმას გვაჩვენებს, რომ არ გვიჭირს ერთმანეთის გასანადგურებლად დარაზმვა, საჭიროა, რომ საზოგადოება ერთმანეთთან შევიდეს დიალოგებში და არა – დაპირისპირებაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ერის, ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების გარდა, სადღეისოდ მთავარი დასაცავი ქართული პოლიცია აღმოჩნდა.
"ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩვენი, როგორც ერის, დასაცავია, არის ქართული სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, ხოლო მთავარი დასაცავი აღმოჩნდა ქართული პოლიცია, ძალიან მძიმეა ის რიტორიკა, რაც მიმართულია მისკენ. დღეს ქართულ პოლიციას სჭირდება გვერდით დგომა, როგორც მორალური, ასევე ფიზიკური. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავად პოლიციელები არიან დაუცველები, ქართველი პოლიციელი არ შეიძლება იყოს თავდასხმის ობიექტი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.