აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ზაზა გახელაძის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

14-07-2020 11:48:24 კონფლიქტები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ზაზა გახელაძის გატაცებას ეხმიანება.

უწყების პრეს–სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსეთის ქმედებებს და მოითხოვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას.

მორგან ორტაგუსი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას აზიარებს და წერს, რომ მოქალაქის დაჭრასა და დაკავებას სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს.

„მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრას და დაკავებას რუსული საბრძოლო ძალების მიერ და მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რუსეთისგან, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გახელაძე ოკუპანტებმა კონტროლირებადი ტერიტორიიდან რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ოკუპანტებმა ის ქვედაკიდურის არეში დაჭრეს.