„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

14-07-2020 14:23:38 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები