სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქართული თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის გაძლიერებას აგრძელებს

14-07-2020 14:27:28 საზოგადოება ,რეკლამა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად აგრძელებს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის დაცვა-გაძლიერებას.ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მეაბრეშუმეობის სადგურში თანამედროვე და უცხოურ ჯიშებთან ერთად, ხალხური სელექციით გამოყვანილი მე-19 საუკუნის ჯიშებია დაცული. უწყების ინფორმაციით, თუთის აბრეშუმხვევიას აღნიშნული გენოფონდი ერთადერთია საქართველოში და მისი შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია მეაბრეშუმეობის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების საქმეში.

„მეაბრეშუმეობა აგრარული სფეროს ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომლის აღორძინების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერიოდულად, საჩუქრად გადასცემს გრენასა და აბრეშუმის ჭიას ახმეტის რაიონის მოსახლეობას, სადაც მეაბრეშუმეობა აქტიურად იყო განვითარებული.

ქართული აბრეშუმი ყოველთვის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. დღესაც არსებობს ისეთი ჯიშები, რომელთა ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლები მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით გაცილებით მაღალია, ისინი ხასიათდება პარკის ძაფის მაქსიმალური სიგრძითა და სიწმინდით. ამ თვისებებით განსაკუთრებით გამოირჩევა მზიურების ჯგუფის ჯიშები, რომელთა ძაფისგან დამზადებულმა ქსოვილმა 1988 წელს მადრიდში ევროპის ხარისხის კომისიის მიერ უმაღლესი ჯილდო „პლატინის ვარსკვლავი“ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და აბრეშუმის მუზეუმის ფონდის წარმომადგენლების ძალისხმევის შედეგად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები