
ბაქო და ერევანი მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
14/07/2020 11:03:12 კავკასია
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, კერიმ ველიევის განცხადებით, დილით საბრძოლო მოქმედებებისას გენერალ-მაიორი პოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზოევი ემსხვერპლნენ.
„13-14 ივლის, მძიმე ბრძოლების შედეგად განადგურებულია მტრის დაახლოებით, 100 ჯარისკაცი, დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობა და მნიშვნელოვანი ობიექტები, თუმცა დანაკარგი აზერბაიჯანის არმიამაც განიცადა. დილით, ბრძოლის დროს, გმირულად დაიღუპნენ გენერალ-მაიორი პოლად გაშიმოვი და პოლოვნიკი ილგარ მირზოევი”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ინციდენტს სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – მაიორი გარუშ ამბარცუმიანი და კაპიტანი სოს ელბაქიანი ემსხვერპლნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა დაწერა.
ცნობისთვის: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. მხარეეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.