გახარია ამბობს, რომ რუსთავში 3 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
14/07/2020 11:32:39 ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საწარმო, რომელიც რუსთავში შენდება, 3 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. საუბარია "ქართული ტექსტილის" საწარმოზე.
"ეს არის, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა. ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს, გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ, ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ, როდესაც აწერია ნაწარმს, პროდუქტს, რომ ნაწარმოებია საქართველოში", - თქვა გახარიამ, რომელიც მშენებლობის პროცესს დაესწრო.
მთავრობის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, "ქართული ტექსტილის" საწარმო, სახელმწიფოს მხარდაჭერით, 4 თვეში სრული დატვირთვით მუშავდება. ტერიტორია, სადაც საწარმო იფუნქციონირებს, კომპანიას სახელმწიფომ გადასცა. ინვესტიცია 20 მლნ ლარია, საიდანაც ნახევარი "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია.


