Accentnews.ge
თავდაცვის მინისტრმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

თავდაცვის მინისტრმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

14/07/2020 08:26:50 თავდაცვა

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს ქაქუცა ჩოლოყაშვილს მთაწმინდის პანთეონში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მისი მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნეს. ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში წირვასაც დაესწრო.

„ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯარში 21 წლის ასაკიდან მსახურობდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ის საქართველოს არმიის ესკადრონის მეთაური იყო და ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ქაქუცა პარტიზანულ ბრძოლას ხელმძღვანელობდა და წითელი არმიის წინააღმდეგ შეფიცულთა რაზმი ჩამოაყალიბა. გეგმის მიხედვით, მის რაზმს თბილისი უნდა აეღო, თუმცა აჯანყება დამარცხდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს საფრანგეთში მოუწია წასვლა, სადაც ის 1930 წელს გარდაიცვალა. 2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში გადმოასვენეს და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S