
შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულებმა ომბუდსმენს მათზე ზემოქმედების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია
14/07/2020 12:38:03 სამართალი
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებულებს შეხვდა და მათზე სავარაუდო ზემოქმედების შესახბ ისაუბრა.
როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განმარტა, მას არ აქვს უფლება, დეტალურად ისაუბროს ამ საკითხზე, თუმცა ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია საყურადღებოა.
„უმრავლესობა დაკავებულს არ გამოუთქვამს სურვილი სახალხო დამცველის დახმარების - იყო ცალკეული შემთხვევები და ინფორმაცია,რაც მოგვაწოდეს, რაზეც დავიწყებთ შესწავლას. არ გვაქვს თანხმობა, რომ საჯაროდ ვისაუბროთ ამის თაობაზე. საყურადღებო ინფორმაცია მივიღეთ და დაწყებულია შესწავლა.
ვერ შევაფასებ, რამდენად სერიოზული ან დასაბუთებული იყო ის ინფორმაცია, რაც მოგვაწოდეს - გარკვეულწილად ეხება სავარაუდო ზემოქმედების განხორციელების მცდელობას, რომლებზეც ბრალდებულები საუბრობენ. დეტალებში ვერ შევალ, გვთხოვეს საჯაროდ არ გვესაუბრა. ერთ-ერთი ეხება ფიზიკურ ზემოქმედებას, მეორე ეხება სხვა შემთხვევას. ვაპირებ სხვა დაზარალებულებთანაც შეხვედრას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის: საქარაშვილის საქმეს ომბუდსმენი გაუწევს ზედამხედველობას.
„შევისწავლით საქმის მასალებს, პერიოდულად მივაწვდით გამოძიებას ინფორმაციას იმ საგამოძიებო ქმედებების თაობაზე, რაც მიგვაჩნია, რომ თუ არ ჩატარდება, უნდა ჩატარდეს ან დროულად უნდა ჩატარდეს. ასევე შევაფასებთ, რამდენად დროულად ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეში. ჩვენი ჩართვის მიზანი არის მხარეთა უფლებების დაცვა, როგორც დაზარალებულის, ასევე ბრადებულების, რომ გამოძიების პროცესში მათი საპროცესო უფლებები დაცული იყოს. ჩვენ არც ერთი მხარის სასარგებლოდ არ ვერთვებით ამ საქმეში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა პირს, ბრალდებულების ადვოკატებს, ასევე დაზარალებულის ოჯახისგანაც მაქვს თანხმობა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩართვლიან, რომ მათი საპროცესო უფლებები გამოძიების მსვლელობისას ირღვევა, ამის თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია მოგვაწოდონ“, - განაცხადა ლომჯარიამ.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. სწორედ ამ პირების პასუხისმგებაში მიცემას ითხოვს ოჯახი,.
10 ივლისს გამოქვეყნდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, პროკურატურამ კი შაქარაშვილის ეპიზოდი ჯგუფურად განზრახ მკვლელობად შეაფასა, თუმცა ამ დროისთვის ბრალი არავის აქვს წაყენებული.