Accentnews.ge
აფხაზებმა “მოსკოვის მხრიდან იმპერიალიზმის აღზევების ცინიკური მცდელობების” მიმართ ჩერქეზების პროტესტს მხარი დაუჭირეს

აფხაზებმა “მოსკოვის მხრიდან იმპერიალიზმის აღზევების ცინიკური მცდელობების” მიმართ ჩერქეზების პროტესტს მხარი დაუჭირეს

14/07/2020 13:24:41 კავკასია

კორონავირუსული პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ ფინანსური დახმარების გარეშე მიტოვებულ აფხაზეთში, სადაც ამ მიზეზით მოსკოვის მიმართ უკმაყოფილება ბოლო პერიოდში ისედაც გამწვავდა, რუსეთის ნაკლებად ცნობილი პარტიის ნაკლებად ცნობილი ლიდერის თითქოსდა კერძო მოსაზრებამ ყოფილი სსრკ-ის სივრცეში არსებული ოკუპირებული თუ ანექსირებული ტერიტორიებისა და მათთან ერთად ბელარუსის “რუსეთის შემადგენლობაში სასწრაფოდ შეყვანის აუცილებლობის” თაობაზე ატომური ბომბის აფეთქების ეფექტი იქონია. მეორე კვირაა, სოხუმში პრილეპინის ამ იდეისა და მასზე ოფიციალური მოსკოვის რეაქციის არარსებობის გამო მღელვარება არ წყდება. ამ ფონზე რუსეთის მხრიდან ახლა უკვე ნებისმიერი, თუნდაც ადგილობრივ – საოლქო დონეზე გადადგმული ნაბიჯი აფხაზებში მოსკოვის “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ეჭვის შეტანასა და აგრესიას იწვევს.

ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად იქცა 30 ივნისს ქალაქ ადლერში, წმინდა სულის სახელობის 1837 წელს აღმართული ტაძრის ნანგრევების ადგილზე, კავკასიელთა წინააღმდეგ მებრძოლი რუსეთის იმპერიის მეომრების მემორიალის – “რუსი ჯარისკაცების გმირობის” აღმართვა.

მონუმენტის დაარსების ინიციატორებად გვევლინებიან რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოება, წმინდა სამების სახელობის ადგილობრივი ტაძრის სასულიერო პირები და ადლერის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლები. 30 ივნისს მემორიალის საზეიმო გახსნის შესახებ ინფორმაცია თავის ვებ-გვერდზე სოჭის ადმინისტრაციამაც გაავრცელა (ადლერი ე.წ. დიდი სოჭის შემადგენლობაში შედის). თუმცა სულ 9 დღეში - მას შემდეგ, რაც ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მონუმენტის დადგმა მწვავედ გააპროტესტეს და ადმინისტრაციას მისი დემონტაჟი მოუწია, საიტიდან შესაბამისი ინფორმაციაც გაქრა. ადგილობრივმა ისტორიკოსებმა აღიარეს, რომ “კავკასიური ომის ტრაგიკული მოვლენების ამგვარად შეხსენება მტკივნეულია ჩერქეზი ხალხისთვის და საზოგადოებას ხლეჩს”, სოჭის ხელისუფლებამ კი – ის, რომ მემორიალი “შესაბამისი განხილვის გარეშე, ძალზე მნიშვნელოვანი შეცდომებით, მკვიდრ მოსახლეობასთან შეუთანხმებლად” აღიმართა.

რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება მომხდარს ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოჰხმაურებია. თუმცა მის პოზიციაზე მეტ-ნაკლებ წარმოდგენას იძლევა “კრემლის რუპორად” ცნობილ ჟურნალისტ ოლეგ კაშინის მიერ სახელისუფლებო რადიოსადგურ «Комсомольская правда»-ს ეთერში გაკეთებული განცხადებები, რომლებიც სოჭის ხელისუფლების მიერ დეკლამირებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება:

«ჩერქეზული საზოგადოებრიობა ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ის აფროამერიკელები, რომლებიც დღეს აშშ-ში სხვადასხვა ვითომდა რასისტების ძეგლებს იღებენ....სოჭის მერიამ უკან დაიხია იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ნაკლებ სავარაუდოა, ადლერელებისა და სოჭელების უმრავლესობას წარმოადგენდნენ. გასაგებია, რომ თემა სადავოა, ტოქსიკური: დიახ, იქ – შავიზღვისპირეთში, სადაც ახლა სოჭია, რუსეთის პოლიტიკა ჩერქეზების მიმართ მართლაც წარმოადგენდა, დღეის ხედვით, პლუს-მინუს გენოციდს – ალბათ ერთადერთ სრულფასოვან გენოციდს, რომელიც რუსეთის იმპერიას სერიოზულად განუხორციელებია... მაგრამ სწორედ ამის წყალობით გვაქვს დღეს ქალაქი სოჭი და არა დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც სადღაც იქ იარსებებდა”.

რაც შეეხება რიგით რუს მოქალაქეებს, მათი განწყობა ადვილად იკითხება სოცქსელების რუსულ სეგმენტში განთავსებულ უამრავ მსგავს კომენტარში:

  • “აღმაშფოთებელია, რომ სოჭის მერიამ უკან დაიხია! ამ რუსმა მეომრებმა კავკასიის შავიზღვისპირეთში არსებული ოდითგანვე წმინდად რუსული მიწები დაგვიბრუნეს!”;
  • «მოვითხოვთ ძეგლის ადგილზე დაბრუნებას! საინტერესოა და აუცილებელი, დადგინდეს, ვინ აფინანსებს იქ “უკმაყოფილოებს”! აშკარად გამოიკვეთა “მეხუთე კოლონა” და ადვილი მისახვედრია, სადაა აქ ძაღლის თავი დამარხული!».

მომხდარს ამ დღეებში აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის საბჭოც გამოეხმაურა:

«ჩერქეზული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები აღშფოთებულები იყვნენ და მსგავსი ძეგლების დადგმას პროვოკაცია უწოდეს. ისინი სრულიად სამართლიანად თვლიან, რომ დაუშვებელია იმის არგათვალისწინება, რომ რუსეთი მრავალეროვანი სახელმწიფოა, რომელშიც მშვიდად თანაარსებობს 100-ზე მეტი სხვადახვა ერი. ჩერქეზული საზოგადოებრიობისთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ეს ძეგლი, რომელიც არათუ ხელს არ უწყობს სახელმწიფოს ერთიანობას, არამედ პირიქით, კონფლიქტებს იწვევს. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმების აღშფოთებას, რადგან აფხაზები ასევე მონაწილეობდნენ კავკასიურ ომში და აფხაზი ხალხის მნიშნელოვანი ნაწილი ასევე იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. ეს ძეგლი ჩრდილს აყენებს არა მარტო ჩვენს წარსულს, არამედ ჩვენს ამჟამინდელ სტრატეგიულ პარტნიორობასაც რუსეთის ფედერაციასთან… რუსეთმა პირველმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ჩვენ ღრმად მადლიერები ვართ მისი ამის გამო, მაგრამ მსგავსი ცალმხრივი ქმედებები, იმგვარი ძეგლების დადგმა, სადაც მთიელები (მათ შორის – აფხაზები) უცხო და მტრულ ძალად მოიაზრება, ხელს უშლის ჭეშმარიტ ურთიერთგაგებას, დამყარებულს ურთიერთპატივისცემაზე, ერთობლივი ტრაგიკული წარსულის გადალახვაზე სტაბილური აწმყოსთვის. გაოგნებას იწვევს ის ფაქტი, რომ ძეგლი დაიდგა სოჭის საქალაქო საკრებულოს დეპუტატების, ადგილობრივი რუსი სასულიერო პირების, მუზეუმისა და სამხედრო-ისტორიული საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივით. თუ ყველა ეს ინსტიტუცია დღემდე აღიქვამს მთიელებს მტრულ ელემენტებად, ეს ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი სადღეისო ურთიერთობების ჭეშმარიტად პარტნიორულ და მეგობრულ ხასიათს. მივესალმებით სოჭის მერიის შემდგომ გადაწყვეტილებას ამ ორაზროვანი კონსტრუქციის დემონტაჟის თაობაზე. ველით ასევე, რომ რუსული მხარე ადეკვატურ შეფასებას მისცემს ამ მონუმენტის დადგმის ფაქტს და ამით სრულად აღადგენს ჩვენს შორის ურთიერთნდობას. ვიმედოვნებთ, სამომავლოდ მხოლოდ იმგვარი ძეგლები აღიმართება, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსებისა და კავკასიის მკვიდრი მაცხოვრებლების გაერთიანებას” – ნათქვამია რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვაში.

მას სოცქსელების აფხაზურ სეგმენტშიც დაუჭირეს მხარი, რომელიც წინა დღეებში ხსენებული ძეგლის დადგმის ფაქტზე მწვავედ, მაგალითად, ასე რეაგირებდა:

«საინტერესოა, რა რეაქციას გამოიწვევდა, მაგალითად, არა მარტო შოტლანდიელებში (ისინიც მთიელები არიან, სხვათა შორის), არამედ ფილმ “მამაცი გულის” მთელს მსოფლიო აუდიტორიაში, ლონდონში რომ ვინმეს თავში მოსვლოდა, შუა საუკუნეებში შოტლანდიის დასაპყრობად რომელიმე მოგებული ბრძოლის მონაწილეთათვის დაედგა დღეს ანალოგიური ძეგლი? წარმომიდგენია, რამხელა სკანდალი აგორდებოდა და როგორ შეირყეოდა საზოგადოებრივი აზრი შოტლანდიაში, სადაც პერიოდულად მართავენ რეფერენდუმებს დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასლის თაობაზე! ან თურქეთში აღემართათ ძეგლი “თურქი მეომრების გმირობა» 1915 წლის გემოციდთან დაკავშირებით...»...

ჩერქეზი კომენტატორების ნაწილი აფხაზების მსგავს პოზიციას მიესალმა, თუმცა ზოგიერთმა მათ “ძმობაში” ეჭვი შეიტანა:

“თუკი ხვდებით, რომ რუსეთის ცინიკურ იმპერიალისტურ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, მხოლოდ ადგილ-ადგილ კი არ უნდა აპროტესტებთ მას, ხოლო სადაც ის თქვენს ინტერესს ემთხვევა, პირიქით, მხარს უჭერდეთ, - ყველაფერში და ყოველთვის უნდა გააპროტესტოთ! სხვათა შორის, კარგად გვახსოვს, ვის აქვს აღიარებული დღემდე ჩერქეზების გემოციდი, ვის – არა, მათ შორის – ისიც, ვინ აღიარა ჩვენი გენოციდი სულ რამდენიმე წლის წინ [საქართველომ ჩერქეზების გენოციდი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში - 2011 წლის მაისში აღიარა – რედ.]”.

მთელს ამ ისტორიაში არის ერთი საგულისხმო დეტალი: ავადსახსენებელი ძეგლის დადგმის მცდელობა დროში ემთხვევა ჩერქეზი აქტივისტების მიერ ადიღების XIX საუკუნის გენოციდის აღიარებისთვის აქტიურ ბრძოლას... ამ გარემოების გათვალისწინებით, რაც ადლერში მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა ამ ხალხის იარებზე მარილის დაყრა და ნაკლებ სავარაუდოა, ძეგლის დადგმის ინიციატორები ამას ვერ აცნობიერებდნენ…

და კიდევ ერთი: ამჯერად სოჭის ადმინისტრაციამ უკან დაიხია, თუმცა ძეგლის დადგმის მცდელობა რომ სულ ორიოდ კვირაში – ივლისის ბოლოს განეხორციელებინა, ამ ისტორიას შესაძლოა, სულ სხვა დასასრული ჰქონოდა: ივლისის ბოლოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უკვე სამივე მოსმენით ექნება მიღებული კანონპროექტთა პაკეტი - ქვეყნის ახალი, პუტინისეული კონსტიტუციის მიღების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი პირველი დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის, “ექსტრემიზმის შესახებ” ისედაც უკიდურესად რეპრესიული მუხლის გაფართოებას, კერძოდ, მასში “რუსეთისგან ნებისმიერი ტერიტორიის გაუცხოებისა და გაუცხოებისკენ მოწოდების” შესახებ ჩანაწერის ჩამატებას გულისხმობს… მთელი რიგი რუსი ექსპერტების აზრით, ამ მუხლის საფუძველზე კრემლისგან განსხვავებული ნებისმიერი მოსაზრება შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლად იქცეს….

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S