
ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების და დასვენების წესი იცვლება
14/07/2020 13:20:10 სამართალი, საზოგადოება
ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდება,– აღნიშნულს ითვალისწინებს „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.
პროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის; მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე, თუმცა დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში.
გარდა ამისა, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული უზრუნველყოს ყოველ 7 დღეში სულ მცირე 1 დასვენების დღით; თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.
კანონპროექტის თანახმად, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში, ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24-საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.