Accentnews.ge
თურქეთი: „განვაგრძობთ აზერბაიჯანის სამხედრო ძალების დახმარებას სომხეთის წინააღმდეგ“

თურქეთი: „განვაგრძობთ აზერბაიჯანის სამხედრო ძალების დახმარებას სომხეთის წინააღმდეგ“

14/07/2020 17:04:08 კავკასია

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუს აქარის განცხადებით, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო მზადაა, „სომხეთის აგრესიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად“.

როგორც მინისტრმა განაცხადა, „თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს სომხეთის საზღვართან მიმდინარე სამხედრო ესკალაციის ფონზე და მწუხარებას გამოთქვამს აზერბაიჯანელი სამხედროების დაღუპვის გამო“.

„ჩვენ განვაგრძობთ აზერბაიჯანის სამხედრო ძალების დახმარებას და მხარდაჭერას სომხეთის წინააღმდეგ, რომელიც მრავალი წელია, აგრესიულ პოლიტიკას ატარებს და აზერბაიჯანული მიწების უკანონო ოკუპაციას ახორციელებს“, – განაცხადა აქარმა.

მისი თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალები, აზერბაიჯანის ძალების გვერდით „ერთი ერი – ორი სახელმწიფოს“ პრინციპით დადგება.

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან მდებარე თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების ინტენსიური დაცხრილვის შესახებ იუწყება.

„დღეს 19:30 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ინტენსიური ცეცხლი თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და არტილერიიდან“, - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დარგიახლიმ.

მოსკოვში სომხეთის ელჩი ვარდან ტოგანიანი კი აზერბაიჯან-სომხეთის შეტაკების შედეგად, სომხეთის მხრიდან გარდაცვლილებისა და 8-9 დაშავებულის შესახებ იუწყება, რომელთაგან, მისი თქმით, რიგითი მოქალაქეებიც არიან.

„დღეისთვის, დავაზუსტე, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები - რვა თუ ცხრა ადამიანი. თუმცა, ვითარება იცვლება, რადგან ამ დრომდე გრძელდება სროლა, აზერბაიჯანი ნაღმმტყორცნებიდან ისვრის“.

ცნობისთვის: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. მხარეეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარემ გამოიყენა არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები ინციდენტის დროს, რომელიც მოხდა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის და აზერბაიჯანის დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, სომხეთის სოფელ ტავუშის მახლობლად.

ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გამო.

ბოლო ორი დღის წინ შეტაკება მოხდა მთიანი ყარაბაღიდან დაშორებულ არეალში, რაც იშვიათია.

ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს 13 ივლისს გავრცელებულ არაერთ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S